საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მეშვიდე გადახედვის ანგარიში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.
ამ პერიოდის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 614 763.
- კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალი იყო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, თბილისის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში;
- ინფიცირებულთაგან 57% ქალი და 43% მამაკაცი;
- ინფიცირებულთა შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვები 10%, მოზარდები და ახალგაზრდები(15-24) 12%, 60 წლის და მეტი ასაკის 22%;
- 0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკში ინფიცირებული იყო 90 680(მთლიანი რაოდენობის 14.8%). 2020 წლის 10 თვეში - 23 470 და 2021 წლის 9 თვეში - 67 210;
- 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო თბილისში. გამონაკლისს წარმოადგენდა 2020 წლის ოქტომბერი და ნოემბერი, როცა მაქსიმალური წილი დაფიქსირდა აჭარის რეგიონში;
- 2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19–ით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მილიონ მოსახლეზე შეადგენს 2 399-ს;
- გარდაცვლილთაგან 51.10% მამაკაცი და 48.90% ქალი;
- სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი - 18.05% იყო 80-84 წლის ასაკობრივ ჯგუფში და ყველაზე დაბალი - 0.06% 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში;
- ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება: კარდიო-ვასკულარული დაავადებები - 69.1%, ჰიპერტენზია - 35.3%, დიაბეტი - 25.5%, ონკოლოგიური დაავადება - 5.8% და ფილტვის ქრონიკული დაავადება - 4.4%;
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში სრულად იხილეთ აქ.