ხოშტარია არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, მულტიფუნქციურ კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანამდე

ელენე ხოშტარია

პარტია „დროა“-ს ლიდერი, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. ხოშტარია აცხადებს, რომ სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.

„სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, მე, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ შიმშილობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება არავის მითითებით არ მიუღია, არამედ მისი მოთხოვნა იყო სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დამდგარიყო საფრთხის ქვეშ.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ვითარების განმუხტვა შეუძლია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„დღეს კიდევ ერთხელ, კონკრეტული გარემოებებით, სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით, „ქართული ოცნების“ ხელშია უკვე საბოლოო გასაღები კრიზისის განმუხტვის. ხელისუფლებას დღესვე შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგის მოთხოვნის შესაბამისად“, - თქვა ხოშტარიამ.

მიხეილ სააკაშვილმა ელენე ხოშტარიას მადლობა გადაუხადა და მიმართა, რომ მისი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შიმშილობა შეწყვიტოს. მანამდე კი სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. ყოფილი პრეზიდენტი მზად არის ​მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

ასევე ნახეთ გვარამია: სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მისი პირობა შესრულდება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 11 ნოემბერს გაავრცელა.

ასევე ნახეთ "წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!" - პენიტენციური სააკაშვილის ახალ ვიდეოს ავრცელებს