გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილი სუსტად არის და უჭირს გადაადგილება. „მითხრა, რომ არ იღებს წამლებს რამდენიმე დღეა, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის პარამეტრების შესანარჩუნებლად, - აღნიშნა დეკანოიძემ და დაამატა, - გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში, როდესაც მოვინახულე. დღეს იყო მომენტები, როდესაც არ გვქონდა საუბრის გაგრძელების საშუალება. ნამდვილად სისუსტე იყო გამოხატული".
ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე დაყრდნობით ამბობს, რომ ციხეში კვლავ ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები. „მითხრა, რომ გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები ფანჯრებიდან მის მიმართ, დღის გარკვეულ მონაკვეთებში, რაც არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება", - აღნიშნა პარლამენტის წევრმა. ამასთან, დეკანოიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი იმედი აქვს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება.
გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ უკრაინის სახალხო დამცველს არ მისცეს მისი მონახულების საშუალება.
ამ წუთებში სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებიან სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები.
16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია იმ ექიმების გუნდის შემადგენლობა, ვინც მედიას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სააკაშვილს ვერ გაუწევენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო, სამედიცინო მომსახურებას.
მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმშილობს ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი.