ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულმა წევრებმა, რომლებიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მესამე დღეა საკრებულოს შენობაში შიმშილობენ, დღეს, 17 ნოემბერს, ლეიბები გაშალეს სხდომათა დარბაზში. ლეიბების შეტანაში, რომელსაც წინააღმდეგობას უწევდნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლები, თანაპარტიელებს ეხმარებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე. საბოლოოდ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ლეიბების გაშლა შეძლეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ ფორმით აპროტესტებენ 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვას და დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღების გადაწყვეტილებას, რადგან ეს ბიუჯეტი არ არის „ხალხზე მორგებული“ და მიზნად ისახავს მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას.
ასევე ნახეთ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ზუგდიდის საკრებულოში ხუთმა პირმა შიმშილობა დაიწყო„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა არის 30 დეკემბერი. საარჩევნო კომისიას არჩევნების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში შეუძლია ჩანიშნოს ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, რაც ნიშნავს, რომ ახლადარჩეული საკრებულოები ეტევიან ყველანაირ სამართლებრივ ვადებში განიხილონ და დაამტკიცონ 2022 წლის ბიუჯეტი. თუმცა, დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც საკრებულოში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად იმის შიშით, რომ საკრებულოში მათ არა აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოების პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოყვეს რიგგარეშე არჩევნები”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია ოპოზიციის წარმომადგენელთა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მათი ვარაუდებია:
"ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. სხვა განსაკუთრებული არ ხდება. როგორც კი შემოვიდა ბიუჯეტი, განხილვის ვადებს წყვეტს ბიურო. ბიუროს შემადგენლობაში შედიან, როგორც სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელები, ასევე ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელები. ბიუროზე იქნა განხილული და დადგენილი ვადები, როდის განეხილათ კომისიურად საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი, როდის განეხილათ ფრაქციებს და როდის მოგვეწყო საჯარო განხილვა. აქედან გამომდინარე, პროექტი განხილულ იქნა ამ გრაფიკის შესაბამისად კომისიებში. ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციიდან ჩვენი დეპუტატები".
ბესიკ ჭეჟიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თხოვნით მიმართა, საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვონ და მოქმედ დეპუტატებს მისცენ მუშაობის შესაძლებლობა.
2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრმა ოპოზიციური “ევროპული საქართველოდან” ბათლომე შელიამ მიმდინარე პროცესისადმი განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდა, როგორც საკრებულოს წევრებს, ასევე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუდმივად იყვნენ ჩართული ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში: “საკრებულოს მუშაობაში ჩაიხედონ კარგად რა ხდება, რას შვრება მოქმედი ხელისუფლება და ვაიძულოთ, რომ მომავალ საკრებულოზე და მომავალ მერზე გადავიდეს პასუხისმგებლობა, რომელიც ბიუჯეტის მიღებით უნდა აიღოს საკრებულომ და მერიამ".
2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45-წევრიან საკრებულოში 22 მანდატი მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ", 20 "ქართულმა ოცნებამ" და 3 ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის". მერის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ანზორ მელია.
ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად უკვე შეჯამებულია. ეს პროცესი ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდა. თვითმმართველობის კოდექსით, "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში". საარჩევნო ადმინისტრაციას ეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.