გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი - "ქილერა" წამების ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების (ე.წ. გლდანის ციხის) ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა") პასუხისგებაში მისცა. მას ბრალად ედება წამება.

გამოძიების ვერსიით, 2011 წლის მაისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირს მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა - წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ გაუპატიურებით.

"სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. "კარანტინში", სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.

წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი.

სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს", - აღნიშნეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

საგამოძიებო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირს 2011-2012 წლებში არაერთხელ ჰკითხავდნენ: "მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა".

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღწერილი, პატიმარმა, რომელზეც ზეწოლა ხორციელდებოდა, თვითმკვლელობაც სცადა.

"ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც წამებისათვის ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 144-ე პირველი პრიმა მუხლის II ნაწილით. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე საქმეზე ნახსენები მეგის ქარდავა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, უკვე დაკავებულია და სასჯელს იხდის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში.

ასევე ნახეთ მეგის ქარდავა 5 საქმეზეა მსჯავრდებული, მათ შორის არის სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებები
ასევე ნახეთ მეგის ქარდავა რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს