"ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში" - თქვა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. ის ერთ-ერთია იმ ჯგუფის ექიმებს შორის, რომელიც ომბუდსმენის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს შექმნილი ორი კონსილიუმის წევრ ექიმებთან. მეორე კონსილიუმი იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ინიციატივით შეიქმნა და მანამ ფუნქციონირებდა, სანამ მიხეილ სააკაშვილს რუსთავიდან თბილისში, გლდანის ციხეში გადაიყვანდნენ. ორივე კონსილიუმი სხვადასხვა დროს პენიტენციურ სისტემას მოუწოდებდა, გადაეყვანა მოშიმშილე პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ომბუდსმენის კონსილიუმის წევრმა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ იმსჯელეს, რამდენად შესაძლებელია სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება გლდანის მე-18 დაწესებულებაში. გიორგი გრიგოლიას თქმით, სამინისტროში დღეს გამართული შეხვედრის მიზანი იყო ექიმებს გაეცნოთ თავიანთი მოსაზრებები ჯანდაცვის მინისტრისთვის.
„გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანაზე ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, რომ, ჩემი აზრით, ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა" - განაცხადა გრიგოლიამ. მისი თქმით, ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის რამდენიმე წევრი დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებს ყოფილ პრეზიდენტს საპატიმრო დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა 18 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათისთვის, როცა მას ადვოკატები ხვდებოდნენ. პენიტენციური დაწესებულების ექიმი ადასტურებს გონების დაკარგვის ეპიზოდს და ამბობს, რომ "პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია."
ასევე ნახეთ არ ხდება პაციენტ სააკაშვილის საჭიროებების სწორი შეფასება - ინტერვიუ ექიმ თენგიზ წულაძესთანმიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.