6 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო ხანს მომხდარ შეტაკებაში

სომხეთი აცხადებს, რომ მისი ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის საზღვარზე გასული კვირის ბოლოდან განახლებულ შეიარაღებულ შეტაკებაში, რომელიც ყველაზე უფრო მასშტაბური ესკალაციაა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ ორ მეზობელ ქვეყანას შორის 44 დღიან ომს ჰქონდა ადგილი, სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს 19 ნოემბრის ცნობაში მოყვანილია ხუთი დაღუპული ჯარისკაცის, მათ შორის ერთი ოფიცრის, ვინაობა. ცნობის თანახმად, ჯერჯერობით ვერ მოხდა კიდევ ერთი დაღუპული ჯარისკაცის იდენტიფიცირება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, 16 ნოემბერს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 7 და დაიჭრა 10 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

16 ნოემბრის შეტაკების შემდეგ ერევანი და ბაქო მორიგ ჯერზე შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს თავიანთ საზღვარზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ ერევნისათვის მისაღებია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის „მოსამზადებელი ეტაპის“ შესახებ მოსკოვის მიერ შეთავაზებული წინადადებები.