MAC Georgia და „რადიო თავისუფლება“ აცხადებენ მოკლე ფილმების კონკურსს შშმპ თემაზე

კონკურსი ეძებს ნიჭიერ რეჟისორებს, რომლებსაც აინტერესებთ და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ იპოვონ და მოჰყვნენ ფაქიზ და ემოციურ ისტორიებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ადამიანების შესახებ.

კონკურსის მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა პრობლემების შესახებ. MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იპოვოს და გააზიაროს მათი ისტორიები, ვისი ხმაც სუსტად ისმის ან სულაც დაკარგულია.

კონკურსში მონაწილე ნამუშევრებს, იქნება ეს დოკუმენტური, ანიმაციური თუ მხატვრული ფილმები, უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ღირებულება. ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი საავტორო ხედვა და ორიგინალური მიდგომა.

საკონკურსო ფილმები გამოქვეყნდება MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდებსა და facebook-ის გვერდებზე.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიონალ თუ მოყვარულ რეჟისორს, ვისაც სურს, რომ შშმ პირთა ცხოვრების/სამყაროს შესახებ კინემატოგრაფიის შემოქმედებითი ენით მოჰყვეს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • დასრულებული ფილმი (ანიმაციური, დოკუმენტური ან მხატვრული ჟანრის);
  • ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 3 წუთზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 8 წუთს;
  • ავტორი უნდა ფლობდეს სრულ საავტორო უფლებებს ფილმზე;
  • ფილმს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ქართული ან ინგლისური სუბტიტრები;
  • ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს გმირის ინფორმირებული თანხმობა ფილმში მონაწილეობაზე;
  • ავტორს მოპოვებული უნდა ჰქონდეს ფილმში გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლებები.
  • ფილმის ფორმატი უნდა იყოს: HD - 1920x1080, mp4.

რა კრიტერიუმებს გაითვალისწინებენ შეფასებისას?

  • რამდენად შეესაბამება ფილმი კონკურსის თემას;
  • რამდენად საინტერესო გმირები ჰყავს ფილმს;
  • თემისადმი დამოკიდებულება;
  • რამდენად ძლიერია ფილმში მოთხრობილი ამბავი/სიუჟეტი;
  • იდეის ორიგინალურობა;
  • წარმოებისა და ვიზუალური ფორმის ხარისხი;
  • ხმის ხარისხი;
  • შემოქმედებითი მიდგომა;
  • გზავნილის სიცხადე და ემოციური ძალა.

როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი?

დასრულებული ფილმი ატვირთეთ რომელიმე ვიდეოპლატფორმაზე - Vimeo-ზე დაცული პაროლით ან Youtube-ზე (დახურული ბმული - Unlisted).

ფილმის დახურული ბმული უნდა მიუთითოთ დარეგისტრირებისას სააპლიკაციო ფორმის მითითებულ ველში.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე?

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა?

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 24 აპრილი, 2022 წელი

რამდენია საპრიზო ფონდი?

  • პირველი ადგილი - 15 000 ლარი
  • მეორე ადგილი - 6 000 ლარი
  • მესამე ადგილი - 3 500 ლარი

ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფილმებს?

ნამუშევრების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, ფინალში გასულ ფილმებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

ჟიურის შემადგენლობა:

  • სალომე ჯაში - დოკუმენტალისტი;
  • გიორგი მრევლიშვილი - დოკუმენტალისტი;
  • ნინო ორჯონიკიძე - დოკუმენტალისტი;
  • თომა ბეგიაშვილი - რეჟისორი, რადიო თავისუფლება;
  • დიანა ჯანაშია - პროგრამის მენეჯერი, MAC Georgia;
  • ანა გოგუაძე - ფოტოგრაფი.

ფინალში გადასული ნამუშევრების ავტორებს ეცნობებათ წინასწარ, შერჩეული ვიდეოების „რადიო თავისუფლებისა“ და MAC Georgia-ს ვებგვერდებსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე.

კონკურსის მსვლელობის დროს საკონკურსო მასალა ქვეყნდება მხოლოდ „რადიო თავისუფლებისა“ და MAC Georgia-ს ონლაინპლატფორმებზე და კონკურსის დასრულებამდე ფილმის სხვაგან გამოქვეყნება დაუშვებელია.

ფინალურ ეტაპზე გასულ კონკურსანტებს შორის სამი გამარჯვებული გამოვლინდება დაჯილდოების ცერემონიაზე.

ვის დავუკავშირდე, თუ შეკითხვა გამიჩნდა?

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით MAC Georgia-ს კომუნიკაციების სპეციალისტს - მედეა შარიქაძეს: medea.sharikadze@macgeorga.org
+995 593 718 718