ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

გიორგი დოხტურიშვილი

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ქვემო ქართლში ახალ სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ახალი გუბერნატორი საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა პირველ დეკემბერს რეგიონის მერებს წარუდგინა.

"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ქვემო ქართლში ახალი გამოწვევების და იმ გამოწვევების გამო, რომელიც არსებობს მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში, სადაც ყოფილი გუბერნატორი სამუშაოდ გადადის", - თქვა ბარნაბიშვილმა.

გიორგი დოხტურიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

წარდგენის შემდეგ, დოხტურიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმუშავებს რეგიონში მთავრობის 10-წლიანი პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას შარშან გააცნო.

შოთა რეხვიაშვილი

შოთა რეხვიაშვილმა კი თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში, რაც ის გუბერნატორი იყო, ქვემო ქართლის სოფლის მეურნეობაში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აშენდა სკოლები და გაიყვანეს გზები. მან ასევე თქვა, რომ "საზოგადოება მალე გაიგებს", თუ სად გადავა სამუშაოდ.