დიდ დიღომში მოსახლეობა მწვანე სივრცის დასაცავად აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან, მოქალაქეები მწვანე სივრცის დასაცავად აქციას მართავენ - მოსახლეობა იმ ტერიტორიის დასაცავად, სადაც სტადიონის მშენებლობა იგეგმება, დღეს მას შემდეგ გავიდა, რაც ამ ადგილის შემოსაღობად და მშენებლობისთვის მოსამზადებლად რკინის მასალები მიიტანეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ეს არის ერთადერთი მწვანე სივრცე, რომლითაც ისინი სარგებლობენ და არ დაუშვებენ იქ სტადიონის აშენებას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"ეს ტერიტორია დიდი დიღმის დაარსებიდან იყო გამწვანებული, საჯარო, რეკრეაციული სივრცე და ამით სარგებლობდა ყველა მოსახლე, მიუხედავად ასაკისა და სქესისა. 2016 წლიდან ვითხოვთ მერიისგან უამრავი ხელმოწერებით, განცხადებებით, რომ ეს სივრცე მოაწესრიგოს და გააკეთოს მწვანე საჯარო სივრცე. ამის მიუხედავად, ეს ტერიტორია გადაეცა ფეხბურთის ფედერაციას აღნაგობის უფლებით და აქ იგეგმება სტადიონის მოწყობა, რომელიც იქნება დახურული და რომელიც მოემსახურება მხოლოდ სპორტსმენებს, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტერიტორიით ვეღარ ვისარგებლებთ", - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც სტადიონისთვის ტერიტორიის შემოღობვას აპროტესტებდა. დიდი დიღმის სტადიონის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობა წუხს იმაზე, რომ ამ უბნის განაშენიანება ინტენსიურად მიმდინარეობს, რის შედეგადაც სატრანსპორტო მოძრაობა უფრო და უფრო რთულდება, მწვანე სივრცე კი ნადგურდება.

იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა სტადიონის აშენებას ეწინააღმდეგება, მათ ჯვარიც აღმართეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მწვანე სივრცე სტადიონის ასაშენებლად ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, 2020 წლის აგვისტოში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი - მას შემდეგ მოსახლეობამ არაერთი აქცია გამართა.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიაზე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა „ფორვარდის“ თანადაფინანსებით განხორციელდება. 2020 წლის აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა, რომელიც ამ დრომდე პროტესტის გამო ვერ იწყება, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

სადაო ფართობის ზომა 10 589.0 კვადრატული მეტრია.

2021 წლის 24 მაისს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში საინიციატივო ჯგუფის მიერ შეტანილ საჩივარში ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, რომ სტადიონის პროექტი არ სცემდა პასუხს შემდეგ კითხვებზე:

  • რამდენად არის გათვალისწინებული პროექტში ობიექტზე მისადგომობა (იგეგმება სატრანსპორტო კვლევა და სატრანსპორტო ოთხი სქემა);
  • რამდენად არის აღჭურვილი უსაფრთხოების მხრივ და დღევანდელი კანონის შესაბამისად ძირითადი შენობა, რომელიც ემსახურება პროექტის მიხედვით მსაჯების, მწვრთნელების და მოთამაშეების სივრცეებს;
  • მოხდა თუ არა სპეც-ტექნიკით და სპეციალისტების მიერ ამ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების გადარგვა და თუ მიმდინარეობს ამ ნარგავების მოვლა;
  • არსებობს თუ არა ამ ტერიტორიის გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა);
  • არსებობს თუ არა არქიტექტურული პროექტის ექსპერტიზა იმის შესახებ, რამდენად სრულად არის შესრულებული პროექტი.