ინდოეთში ვერტმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა თავდაცვის შტაბის უფროსი

ბიპინ რავათი

ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსი ბიპინ რავათი და კიდევ 12 ადამიანი - მათ შორის რავათის მეუღლე - დაიღუპნენ ოთხშაბათს, როცა მათმა ვერტმფრენმა ავარია განიცადა ქვეყნის სამხრეთში, თამილნადის შტატში.

კატასტროფის შედეგად გადარჩა ერთი ადამიანი, რომელმაც ტრავმები მიიღო და ჰოსპიტალიზებულია.

ბიპინ რავათი ინდოეთის თავდაცვის შტაბის პირველი ხელმძღვანელი იყო მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა შემოიღეს 2019 წელს. ის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლად ითვლებოდა.

რუსული წარმოების ვერტმფრენი Mi-17, რომელშიც 63 წლის გენერალი იმყოფებოდა მეუღლესთან და რამდენიმე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელესთან ერთად, ველინგტონში მიემართებოდა.

ვერტმფრენი მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც დაბლა დაშვება დაიწყო. კატასტროფა მოხდა ნისლისა და ცუდი ხილვადობის პირობებში.

ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოვალეობებში შედის სამივე სახის შეიარაღებული ძალების - სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სახმელეთო ძალების - კოორდინაცია. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი კონტაქტი აქვს უსაფრთხოების საკითხებში და სამხედრო შესყიდვების საკითხებში, ის მას რეკომენდაციებს აძლევს გრძელვადიან თავდაცვით დაგეგმვასა და შეიარაღებული ძალების მართვაში. სხვა საკითხებთან ერთად, რავათი პასუხისმგებელი იყო ოპერაციებისთვის ქაშმირის ინდურ ნაწილში.