ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ტემპერატურის დასაწევად მოკავშირეების რუსეთთან შეხვედრა იგეგმება

რუსეთის სახმელეთო ჯარების კონცენტრაციის ადგილი იელნიაში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მალე გაიმართება აშშ-ის, ევროპაში მისი მთავარი პარტნიორებისა და რუსეთის მოლაპარაკებები, რომელზეც განხილული იქნება რუსეთის შეშფოთება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ 10 დეკემბერს გამოაცხადებს ასეთი შეხვედრის თარიღს და დასძინა, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს სულ მცირე 4 ძირითადი მოკავშირე ქვეყნის და რუსეთის წარმომადგენლები.

„ამ შეხვედრაზე განვიხილავთ ნატოს მომავალთან დაკავშირებულ რუსეთის შეშფოთებას და ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სახის კომპრომისის მიღწევა შეგვიძლია (უკრაინის) აღმოსავლეთ ფრონტზე ტემპერატურის დაწევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარში.

დასავლური მედიის თანახმად, აშშ-მა შესაძლოა კიევს შესთავაზოს „გარკვეული დონის“ ავტონომიის მინიჭება აღმოსავლეთ უკრაინის იმ ტერიტორიებისთვის, რომლებსაც ამჟამად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

სააგენტო Associated Press-ის პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ვაშინგტონი რთული ამოცანის წინაშე დგას: ერთი მხრივ, მან უნდა დაარწმუნოს უკრაინა, რომ წავიდეს დონბასში რიგ დათმობებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ დათმობები არ გამოჩნდეს, როგორც რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის გამარჯვება.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის, სტოვენ პაიფერის თანახმად, კიევმა დონბასის რეგიონებს შეიძლება შესთავაზოს თვითმმართველობა ჯანდაცვის, განათლებისა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებულ სფეროებში. მაგრამ, დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი არასოდეს არ უბიძგებს უკრაინას ისეთი ნაბიჯისკენ, რაც „კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყნის სუვერენიტეტს ან ეროვნული ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.“

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმირ პუტინმა მორიგი მოლაპარაკებები გამართეს, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული დასავლეთის მზარდი შეშფოთებისა და აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებით უკმაყოფილო რუსეთის კატეგორიული მოთხოვნების ფონზე.

კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინისა და ბაიდენის საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა „შიდაუკრაინულ კრიზისს და პროგრესის არარსებობას მინსკის 2015 წლის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც მშვიდობიანი დარეგულირების უალტერნატივო საფუძველია“.

ასევე ნახეთ

რუსეთის აგრესია და მისი მოსალოდნელი ფასი

ორი ლიდერის მიერ განხილული საკითხების შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები კრემლს სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, რუს კოლეგას კი დეესკალაციისა და დიპლომატიის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

მაგრამ კრემლი კვლავინდებურად უარყოფს აგრესიულ ზრახვებს უკრაინის წინააღმდეგ. 8 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა „პროვოკაციული“ უწოდა შეკითხვას იმის თაობაზე, აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინმა „მშვიდობისმოყვარე ქვეყანა“ უწოდა რუსეთს, რომელიც მე-7 წელია აწარმოებს ჰიბრიდულ ომს თავისი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ და 13 წელია ოკუპირებული აქვს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის, საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთი ოსეთი.