პლატფორმაში „3+3" საქართველოსთვის კარი ღია რჩება - რუსეთის საგარეო უწყება ცნობას აქვეყნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ეხება რუსეთს, თურქეთს, ირანს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართულ შეხვედრას, ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები დაინტერესებულნი არიან, საქართველო ჩაერთოს „3+3“ პლატფორმის მუშაობაში. ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 დეკემბერს მოსკოვში შედგა პირველი სხდომა საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“. განცხადებაში მითითებულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც, ასევე, მიწვეულები იყვნენ, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

განცხადების თანახმად, განხილული იყო შემდგომი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმები, სამომავლოდ პროფილური სამინისტროებისა და უწყებების შესაძლო ჩართვისათვის.

სხდომის განმავლობაში განიხილეს მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. შეთანხმდნენ, რომ პლატფორმის მუშაობა ფოკუსირებული იყოს პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენს მისი ყველა მონაწილის ინტერესს. მათ შორის - ზომების მიღება ნდობის ასამაღლებლად, ურთიერთქმედება სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით და წინააღმდეგობის გაწევა საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებზე.

ასევე ნახეთ „3+3“ ფორმატში მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
ასევე ნახეთ რუსეთი დაინტერესდა 3+3-ის მექანიზმის მიმართ ქართული მხარის დამოკიდებულებით
ასევე ნახეთ ზალკალიანი ლაპარაკობს 3+3 ფორმატში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე

პლატფორმა „3+3" გულისხმობს ფორმატს კავკასიის სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს - ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.