კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარში წყალი სახურავიდან, დაახლოებით, ათ ადგილას ჟონავს. სველია ფასადის ქვა, ტენიანია კედლების ფრაგმენტები. ტაძრის აღმოსავლეთით დაგუბებული წყალი ტაძრის საძირკველს აღწევს.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი განმარტავს, რომ დაზიანება, გელათისგან განსხვავებით, დიდი არ არის, ტაძრის შიდა ნაწილი არ ზიანდება და წვიმის დროს გარე ფასადი სველდება.
2017 წელს ამავე პრობლემის გამო რამდენიმე ადგილას კედელი ამოლესეს, 2021 წლის იანვარში კი სპეციალისტები სიტუაციის შესაფასებლად ბაგრატში შევიდნენ, თუმცა ამ დრომდე საკითხი გადაუჭრელია.
იუნესკომ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, გელათის მონასტერთან ერთად, 1994 წელს შეიყვანა. 2013 წელს კი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღეს, რადგან მათი შეფასებით, 2010 წელს ბაგრატის ტაძრის მნიშვნელოვანი ფრაგმენტების ხელახალი აშენებით ძეგლის ავთენტურობა უხეშად დაირღვა.
მეუფე იოანე გამრეკელის თქმით, ხარვეზებს სწავლობენ და აღდგენით სამუშაოებში სპეციალისტები ჩაერთვებიან.
"ქალბატონი თეა ბრძანდებოდა და ნახა წყლის კვალი და ჩვენც ვხედავთ. კიდევ კარგი, რომ ფრესკები არ არის. ეს ნიშნავს, რომ ნაკლებობა არის პროფესიონალი მშენებლების.
ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს, სერტიფიცირებული ხალხი იქნება. მხოლოდ ისინი დაიშვებიან მომავალში. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია გამოსწორება შეცდომის.
აქ დიდი არაფერია, უბრალოდ მინასთან გარედან, სარკმელთან უნდა ამოილესოს, დახრა უნდა ჰქონდეს სწორი, რომ წვიმის წყალი უკან არ ბრუნდებოდეს. იქ რთული არაფერია. რთულია უფრო გელათი," - განაცხადა სასულიერო პირმა.
ამავე თემაზე ნახეთ
ბაგრატის ტაძარში წვიმის წყალი ჟონავს - ტაძარს ინსპექტირება ჩაუტარდება