პესკოვი აცხადებს, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინის გარშემო კიდევ ერთ ვიდეოკონფერენციას გამართავენ

კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ უკრაინის გარშემო განვითარებული სიტუაციის განსახილველად აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები კიდევ ერთ ვიდეოკონფერენციას გამართავენ. თუ როდის არის მოსალოდნელი ასეთი პირდაპირი კონტაქტი, დმიტრი პესკოვს არ დაუზუსტებია, მან გაიხსენა, რომ მანამდე უკრაინაზე საგნობრივი საუბარი მათ ნდობით აღჭურვილ პირებს შორის გაიმართება.

"პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სწორედ ეს ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლები წაიმუშავებენ, მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ მოლაპარაკების გამართვა, რისთვისაც შესაძლოა გამოიყენონ ის ვიდეოფორმატი, რომელიც ორივე პრეზიდენტს მოეწონა“, - უთხრა დმიტრი პესკოვმა სააგენტო ტასს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან შაბათს გამართული შეხვედრის დროს, კვლავ გაიხსენა ვლადიმირ პუტინთან გამართული პირდაპირი საუბარი და აღნიშნა, რომ რუსეთს მოუხდება „საშინელი ფასის“ გადახდა, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. აშშ-ის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ საუბარია მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე, რომელიც რუსეთისათვის დამანგრეველი იქნება.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმას და კიევსა და ვაშინგტონს ვითარების შეგნებულ დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. რუსეთი დასავლეთისგან მოითხოვს უსაფრთხოების დამატებით გარანტიას, რაც, კრემლის აზრით, იქნებოდა უარის თქმა ალიანსის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკრაინას და საქართველოს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატოს რიგებში გაწევრიანებას ჰპირდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის მოთხოვნა დასავლეთისადმი, არ დაუშვას უკრაინის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და შეახსენა მოსკოვს, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს მისი წევრი ქვეყნები და თავად უკრაინა წყვეტენ.