პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გოგიტა რობიტაშვილი აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში, საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა 25 დეკემბერს, გვიან საღამოს მოხდა.
გოგიტა რობიტაშვილმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდა თბილისში, საიდანაც დედოფლისწყაროში დაბრუნდა სამარშრუტო მიკროავტობუსით, სახლში კი ავტოსადგურში დატოვებული პირადი ავტომობილით გაემგზავრა:
„ჩემ ავტოფარეხს შესასვლელი აქვს პირდაპირ გზიდან. როდესაც ფარეხთან მივედი, გადმოვედი მანქანიდან გავაღე კარი, შევაყენე მანქანა. კარი უნდა დამეკეტა, როცა თავს დამესხნენ. წინიდან ორ ადამიანს ვხედავდი და ერთი უკნიდან მირტყამდა. მინიმუმ სამი იყვნენ. მათი გარჩევა შეუძლებელი იყო, რადგან სახეზე ჩამოფარებული ჰქონდათ შავი ფერის სამედიცინო ნიღბები, პირბადე. მომხდარი პოლიციას შევატყობინე და დაიწყო გამოძიება“.
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თავად ამბობს, ადგილობრივმა ექიმებმა დიაგნოზი ვერ უთხრეს. გოგიტა რობიტაშვილის თქმით, დაზიანებული აქვს სახის ძვლები და ნეკნები: „სახეზე ხელს რომ ვიდებ, ძვლები მოძრაობს და ასევეა ნეკნებიც. სამედიცინო ჩარევა მჭირდება“.
ოპოზიციური პარტიის წევრი მომხდარს უკავშირებს პოლიტიკურ საქმიანობას და მის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკას: „ბოლოს ვეწინააღმდეგებოდი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდას. მე ხელს ვერავის დავადებ, თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკური დევნა ხდება. 2015 წელს ამავე ავტოფარეხში ავტომობილი დამიმტვრიეს. შემდეგ სათამაშო აპარატი დამიზიანეს. მაშინაც დაიწყო გამოძიება, თუმცა დამნაშავე ვერ იპოვეს. არც ახლა მაქვს დიდი იმედი“.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.