WHO: მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, "ომიკრონი" მაინც გამოიწვევს საავადმყოფოების გადატვირთვას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 28 დეკემბერს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა, "ომიკრონმა", შესაძლოა ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა გამოიწვიოს, მიუხედავად პირველ ეტაპზე ჩატარებული კვლევებისა, რომ ის შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს. რამდენიმე ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი პიკს აღწევს, ვირუსის ორი ვარიანტის, "ომიკრონის" და "დელტას" ერთდროული მოქმედების გამო.

ჩინეთმა და ევროპის ბევრმა ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები აღადგინეს ინფიცირების მზარდ მაჩვენებელთან საბრძოლველად, "ომიკრონის" გავრცელების გამო 24 დეკემბრის შემდეგ მსოფლიოს გარშემო გაუქმდა 11,500-მდე რეისი. აშშ, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია და ბრიტანეთი შობის დღესასწაულის შემდეგ ინფიცირების სარეკორდოდ მაღალ მონაცემებზე იუწყებიან.

WHO გამოვიდა გაფრთხილებით "ომიკრონის" საფრთხის უგულებელყოფის შესაძლებლობის შესახებ, იმის გამო, რომ კვლევების თანახმად, "ომიკრონით" გამოწვეული დაავადება სხვა ვერსიებთან შედარებით უფრო იოლ ფორმებში მიმდინარეობს. "ომიკრონის" სწრაფი გავრცელება "მაინც მოიტანს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდას, განსაკუთრებით აუცრელ ჯგუფებში და გამოიწვევს ფართომასშტაბიან შეფერხებებს ჯანდაცვის სისტემებში და სხვა მნიშვნელოვან სისტემებში", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.