პრემიერის საახალწლო მილოცვა: მომავალი წელი უფრო ძლიერ ბიძგს მისცემს მთავრობის საქმიანობას

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი წლის მილოცვის დასაწყისში ისურვა, რომ ახალ წელს საერთო მშვიდობა და პანდემიის დასასრული მოეტანოს დედამიწაზე.

ღარიბაშვილის განცხადებით, „2021 წელი გამოწვევებით დატვირთული წელი იყო, - იყო პოლიტიკური ვნებათაღელვაც, იყო პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებები სხვადასხვა მიმართულებით, და მეტიც, იყო ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ბევრი ტრაგედია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავკარგეთ ვირუსთან ბრძოლაში და მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი წუხილი თითოეული დაკარგული სიცოცხლის გამო“.

წარმატებების შესახებ საუბრისას მთავრობის მეთაურმა გამოყო არჩევნებში გამარჯვება და ეკონომიკის „მოსალოდნელზე სწრაფად აღდგენა“.

„არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და მეტი წარმატებისთვის, ჩვენ გვჭირდება მმართველობის ახლებური მიდგომა, რაც პროგრესსა და სწრაფ განვითარებას გულისხმობს ყველა მიმართულებით. ამ ახლებურ შემართებას გაბედული და დროული გადაწყვეტილებები სჭირდება და ჩვენც ახალ წელს სწორედ ამ მიდგომით დავიწყებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომავალი წელი კიდევ უფრო ძლიერ ბიძგს მისცემს მთავრობის საქმიანობას. როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკის მიმართულება.

„გასული წელი წარმატებული იყო, მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა ეკონომიკამ და ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო გამორჩეული ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ მეტი გვჭირდება, კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ახალ წელს ულოცავს აფხაზებსა და ოსებს.

„ახალ წელს ახალი იმედები მოაქვს ყოველთვის და სწორედ ამ იმედით მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს 2022 წლის დადგომა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ეს წელი გარდამტეხი ყოფილიყოს ჩვენი ურთიერთობების დაახლოების კუთხით და მალე განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ერთად“, - აღნიშნა მან.

ღარიბაშვილმა ახალი წელი განსაკუთრებულად მიულოცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ემიგრანტებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ოფიცრებს, საჯარო მოხელეებს, „ყველა მშრომელ ადამიანს“, ახალგაზრდებს, პენსიონერებსა და ვეტერანებს.