“ნავალნი, პუტინის ტუალეტის ჯაგრისი, ნობელის პრემია და მემორიალი” - 2021 წლის მოვლენები რუსი კარიკატურისტის თვალით

"მე ჩამოვფრინდი აქ და შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბედნიერი ვარ", - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ 17 იანვარს, მკურნალობის შემდეგ გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას. ვებსაიტ FlightRadar-ზე  535 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს, თუ როგორც უცვლიდნენ მიმართულებას თვითმფრინავს, რომელშიც რუსი პოლიტიკოსი იმყოფებოდა და, როგორ დასვეს იგი, ვნუკოვოს ნაცვლად, შერემეტიევოს აეროპორტში. ნავალნის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ კი გამოვიდა რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს მიკუთვნებული „კორუფციის წინააღდმეგ ბრძოლის ფონდის“ ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი გამოძიება „პუტინის სასახლის“ შესახებ. ნავალნის დაკავებამ და შემდგომმა სასამართლო პროცესებმა მასიური პროტესტი გამოიწვია რუსეთში. მთლიანობაში, ნავალნის დასაცავად გამართულ აქციებზე 1600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
 

 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ განიხილა სასჯელაღსრულების ფედერალური  სამსახურის (ФСИН) შუამდგომლობა ალექსეი ნავალნისათვის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლის თაობაზე. შედეგად, ბრალდებულს მიესაჯა 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში „პირობითი სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისთვის“. განაჩენმა მორიგი მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ზამთრის აქციების მემად იქცა "პუტინის ტუალეტის ჯაგრისი", რომელიც ფიგურირებდა გელენჯიკის მახლობლად მდებარე სასახლის შესახებ ნავალნის ფონდის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში.
[წარწერები ნახატზე: „უფლისწული ივანე!“ „არაა... ეს როტენბერგია“. ოფიციალური პროპაგანდის მიხედვით, გელენჯიკის სასახლე ეკუთვნის არა ვლადიმირ პუტინს, არამედ ბიზნესმენ არკადი როტენბერგს]
 

10 მარტს ვლადიმერ პუტინს შეეძლო ეზეიმა ერთი წლისთავი, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ „კოსმოსურმა დეპუტატმა“, ვალენტინა ტერეშკოვამ (პირველი კოსმონავტი ქალი) წამოაყენა წინადადება პრეზიდენტის ანუ პუტინის ვადის განულების შესახებ. თვითონ პუტინმა კანონს 2021 წლის 5 აპრილს მოაწერა ხელი, ზაფხულიდან კი დაიწყო მუშაობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების შესარჩევად. ბაზისურად განიხილება ვლადიმირ პუტინის კანდიტატურის წამოყენების საკითხი. „სხვა ვარიანტები [ამჟამად] არ არსებობს“, - აცხადებენ  კრემლში. პუტინს ჯერ არ დაუდასტურებია არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ განაცხადა, რომ ასეთი უფლების არსებობაც კი  „ასტაბილურებს შიდა პოლიტიკურ ვითარებას“.
[წარწერა ნახატზე: „განულების წელი“]
 

აპრილში ჩეხეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებოდნენ 2014 წლის 11-დან 16 ოქტომბრამდე. ისინი ჩეხეთში შევიდნენ რუსლან ბოშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის სახელზე გაცემული პასპორტებით და, თუ გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, სწორედ ისინი არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ( ГРУ ) საიდუმლო  დანაყოფ 29155-ის ოფიცრები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი დამნაშავედ მიიჩნევს სერგეი და იულია სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლის მცდელობაში 2018 წელს. ჩეხეთის მთავრობა წყვილს 2014 წელს სოფელ ვრბეტიცეში საბრძოლო მასალის საცავში მომხდარ აფეთქებაში ადანაშაულებს. ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნენ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებად. ამ მომენტიდან ჩეხეთი რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყანად იქცა და კომპანია „როსტომმა“ დაკარგა ჩეხეთის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შესაძლებლობა.
 

23 მაისს მინსკში დააკავეს ოპოზიციური ბელორუსი ჟურნალისტი და ბლოგერი, გაზეთ ნეხტას (НЕХТА) დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი, რომელსაც ბელორუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ასევე დააკავეს პროტასევიჩის მეგობარი გოგონა სოფია საპეგა. პროტასევიჩი იმყოფებოდა ავიაკომპანია Ryanair ათენი-ვილნიუსის თვითმფრინავში, რომელიც ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში. ბელორუსის ხელისუფლების ოფიციალური ვერსია ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ, თითქოსდა, მათ მიიღეს „ჰამასის“ წერილი შვეიცარიიდან, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდა ტერორისტი (ან იდო ასაფეთქებელი მოწყობილობა), თუმცა „ჰამასმა“ უარყო ეს ინფორმაცია. ამის შემდეგ სოციალურმა ქსელებმა ლუკაშენკას „კარტოფილის კადაფი“ შეარქვეს. 
 

„მას ჯერ კიდევ აქვს შიში, რომ ჩვენ მის ჩამოგდებას ვცდილობთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევაში 16 ივნისს ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ. აშშ და რუსეთი უნდა შეთანხმდნენ სტრატეგიულ საკითხებში თამაშის წესებზე, განაცხადა ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ. როგორც გაირკვა, პუტინს თამაშის წესებზე თავისი შეხედულება აქვს. დეკემბრის შუა რიცხვებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა „ხელშეკრულების“ პროექტი შეერთებული შტატებისა და ნატოსგან გარანტიების მიღების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ნატოს უარს უკრაინასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე. და როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ,  ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, სწორედ ასეთი გარანტიები წარმოადგენს „სამხედრო თუ სამხედრო-ტექნიკური დაპირისპირების“ ალტერნატივას.
 

2 ივლისს, Moet Hennessy Corporation-მა, შამპანურის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, აცნობა თავის პარტნიორებს, რომ წყვეტს თავისი პროდუქციის მიწოდებას რუსეთში იმ კანონის მიღების გამო, რომელიც "შამპანურის" სახელის გამოყენების უფლებას მხოლოდ რუს მწარმოებლებს უტოვებს. სიახლე ეხება ფრანგულ შამპანურსაც, რომელიც, რუსული კანონის მიხედვით, ცქრიალა ღვინოა. „რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნა, რომ ფრანგულ შამპანურს  შამპანიდან დაერქვას ცქრიალა ღვინო, ხოლო რუსულ გაზიან რახს მუხოსრანსკიდან - შამპანური, პუტინის პოლიტიკის კვინტესენციაა“, - ასე გამოეხმაურნენ კანონში შეტანილ ცვლილებას სოციალური ქსელების მომხმარებლები. ყველასთვის საბედნიეროდ, კონფლიქტი სწრაფად ჩაცხრა.
[წარწერა ნახატზე: „დაითრიაა“]
 

აგვისტოში რუსეთში მთელი ძალით გაჩაღდა წინასაარჩევნო კამპანია. დაახლოებით ისე, როგორც ეს კარიკატურაშია ასახული. მაგალითად, „ერთიანი რუსეთის“ წინასაარჩევნო ყრილობაზე პუტინმა პირობა დადო, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შემდეგ პენსიონერებს 10 ათას რუბლს გადაუხდიან, სამხედროებს კი - 15 ათასს. ბევრმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა შენიშნა, რომ ამას „ამომრჩეველთა მოსყიდვა“ ჰქვია,  ზოგიერთმა კი ისიც თქვა, რომ კრემლს, როგორც ჩანს, ძალიან ცუდად აქვს საქმე, რაკი მზად არის ხმებისთვის ფული გადაიხადოსო.
 

5 სექტემბერს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ აუკრძალა Google-სა და Yandex-ს ძიების შედეგებში გამოეჩინათ ფრაზა "ჭკვიანი ხმის მიცემა" -  ხელისუფლების ალტერნატიული კანდიდატების მხარდაჭერის სისტემა, რომელიც გამოიგონა ალექსეი ნავალნიმ. შედეგად, არჩევნებზე სიახლედ იქცა მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში დანერგილი ხმის ელექტრონული მიცემის სიტემა, რამაც ხელისუფლებას ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა (მაგალითად მოსკოვში), რომ გადაწყვიტეს მომავალში იგი მთელ ქვეყანაში გამოიყენონ, რათა თავიდან აიცილონ ამომრჩვლის ნებასთან დაკავშირებული ექსცესები.
[წარწერა ნახატზე: „ისევ გააყალბე“. პაროდია მხატვარ ფიოდორ რეშეტნიკოვის ცნობილ ტილოზე „ისევ ორიანი“] 
 

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ რუსული გაზეთის „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ გამომძიებელ ჟურნალისტს მარია რესას. მათ ბევრმა მიულოცა, მაგრამ არა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც, რატომღაც, მთელი ორი კვირა დუმდა. პუტინის დუმილმა იმდენად აღაფრთოვანა ჩინოვნიკები, რომ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვოლოდინმა წამოაყენა წინადადება, პრემიის გაწვევის (უკან დაბრუნების) პროცედურის შემოღების თაობაზე.
„მინდა, რომ ჟურნალისტები მოხუცები კვდებოდნენ“, ამ სიტყვებით დაასრულა მურატოვმა ნობელის ლექცია 10 დეკემბერს.
[წარწერა ნახატზე: „აი, ჩამოვართმევთ ნობელის პრემიებს... “შემდეგ „ოსკარებისთვისაც“ მოვიცლით...“
 
 

12 ნოემბერს რუსეთის პროკურატურამ „მემორიალის“ მასალებში აღმოაჩინა ტერორიზმის გამართლება. ამით დაიწყო „მეხსიერების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი“, რომელიც მოგვიანებით გადაიზარდა რუსეთის უზენაესი სასამართლოს განაჩენში - აიკრძალოს „საერთაშორისო მემორიალი“. "თქვენმა განაჩენმა მოკლა ბოლო შანსი. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაგმეს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღსრულების შეჩერება მოითხოვმა. ხალხმა კი გადაწყვიტა, რომ მეხსიერების მოკვლა შეუძლებელია.
 

რუსეთში ეროვნული მეხსიერებისა და სინდისის დრამის პარალელურად,  ადამიანური დრამა  ვითარდებოდა ბელორუსში. ათასობით მიგრანტი, რომლებიც ლუკაშენკასთან დაახლოებულმა ტურისტულმა სააგენტოები ჩაიყვანეს ახლო აღმოსავლეთიდან პოლონეთის საზღვარზე, სიცივისგან იყინებოდნენ ტყეში. 15 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაურეკა ლუკაშენკას, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კი - პუტინს. სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში იფიქრეს, რომ შანტაჟმა გაჭრა, მაგრამ ევროკავშირში სხვაგვარად მიიჩნიეს და საზღვარზე შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისთვის ახალი სანქციები დააწესეს, თუმცა კრიზისი საზღვარზე კვლავაც გრძელდება.
 

დეკემბერში რუსეთის მოქალაქეთა 75%-მა არ გამორიცხა ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. კრემლმა უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში 100 000-ზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი. ყველას ესმის, რომ კიევი ვერ აღუდგება წინ რუსეთის აგრესიას. 29 დეკემბერს პუტინმა სასწრაფოდ მოითხოვა ჯო ბაიდენთან საუბარი, რომელიც 30 დეკემბერს შედგა და 50 წუთი გაგრძელდა.
 

დაე, 2022 წელი უკეთესი იყოს! გმადლობთ, რომ ჩვენთან ხართ! დარჩით ჩვენთან!