ყაზახეთის შსს აცხადებს, რომ ალმათიში ყველა ადმინისტრაციულ შენობას აკონტროლებს

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ყველა ადმინისტრაციულ შენობას სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ. ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება შსს-ზე დაყრდნობით.

ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. ალმათიში შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლული სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. 6 იანვარს ქალაქის პოლიციაში აცხადებდნენ, რომ ლიკვიდირებულია მასობრივი არეულობების ათეულობით მონაწილე. დღეს, 7 იანვარს სააგენტო „ინტერფაქსი“ ყაზახეთის შსს-ზე დაყრდნობით წერს, რომ „ლიკვიდირებულია 26 დამნაშავე, კიდევ 18 დაჭრილია“. შსს-ს ცნობითვე, დაკავებულია 3 ათასზე მეტი პირი.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება. საწვავის ამ სახეობას ავტომფლობელების უმრავლესობა იყენებს.

ასევე ნახეთ "მოხუცო, წადი" - როგორ გადაიზარდა სოციალური პროტესტი პოლიტიკურ გამოსვლებში და რას ამბობს "ყაზახეთის გაკვეთილი"?

4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა დათანხმდა ფასის შემცირებას, თუმცა, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა. 4 იანვარს, გვიან ღამით ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ინფორმაციით, 5 და 6 იანვარს, ალმათიში მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების გარდა იყო მაროდიორობის და სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების დარბევის და დაწვის ფაქტები.

5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია". პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სპეცოპერაციის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ალმათიში მასობრივ არეულობებს აწყობენ "ნამდვილი ტერორისტების" დაჯგუფებები, რომლებმაც "სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ და ყაზახეთზე მათი თავდასხმა აგრესიის აქტად უნდა განიხილონ". ვინ იყვნენ ამ დაჯგუფებებში და სად მოემზადნენ, ტოყაევს არ უთქვამს.

ასევე ნახეთ სიღარიბე, კორუფცია და ცრუ დაპირებები - რა ხდებოდა ყაზახეთის ამბოხებამდე

5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა დასახმარებლად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას. 6 იანვარს, ამ ორგანიზაციამ ყაზახეთში გაგზავნა "კოლექტიური სამშვიდობო ძალები", სადაც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროები სჭარბობენ.

ასევე ნახეთ "ყაზახეთის აღება" - როგორ შევიდა და რა ამოძრავებს რუსეთს?

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მათ შორის მოქმედი ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიურ საფუძველზე ერთმანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ორგანიზაციას, სადაც წამყვან როლს რუსეთი ასრულებს, სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები ჰყავს.