აფხაზეთი ტურბულენტურ ზონაში - რა გზას ადგას ასლან ბჟანია?

2022 წლის 12 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ეს გარემოება დამატებით მუხტავს ოკუპირებული რეგიონის ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ცხოვრებას. 9 იანვარს ოპოზიციის მომხრეების დაპატიმრება, საპროტესტო აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, იმაზე მიუთითებს, თუ როგორი უკომპრომისო იქნება ასლან ბჟანიას მოქმედი ხელისუფლება როგორც პარლამენტისთვის ბრძოლაში, ასევე, ზოგადად, ძალაუფლების შენარჩუნების პროცესში. დე ფაქტო პრეზიდენტი, რომელმაც ხელისუფლება სწორედაც რომ საპროტესტო აქციებითა და სამთავრობო შენობებში წარმატებული შეჭრით მოიპოვა, ცდილობს, არ დაუშვას იმავეს განმეორება და აგორებული საპროტესტო ტალღა არჩევნებამდე ჩაახშოს, თან იერიში მიაქვს არა პირდაპირ ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერებზე, არამედ რიგით, უკმაყოფილო ამომრჩევლებზე, რომლებიც ქუჩაში უშუქობამ, უსახსრობამ, უსამართლობამ და ცუდად მართულმა პანდემიამ გაიყვანა.

9 იანვარს აფხაზმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს 21 დეკემბერს, სამთავრობო შენობებთან გამართული საპროტესტო აქციების 5 მონაწილე, თუმცა ადგილობრივმა მედიამ, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო, ჯამში, 50-მდე მონაწილის დაპატიმრებას აპირებს. როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი სოხუმში, ელენა ზავოდსკაია ამბობს, ადგილობრივი საზოგადოება შეაშფოთა სამართალდამცავი სტრუქტურების ასეთმა მკაცრმა რეაქციამ, რადგან აფხაზეთში მწვავე საპროტესტო გამოსვლები, მათ შორის, სამთავრობო შენობებში შეჭრა და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა, ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აქამდე არავინ მიუციათ. ახლა კი, დე ფაქტო ხელისუფლება არ დასჯერდა აქციის მსვლელობისას უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებას და თითქმის სამი კვირის თავზე ხუთი მომიტინგე დააკავა.

21 დეკემბრის მიტინგი სოხუმში

ასლან ბჟანიას ამგვარი ხისტი მოქმედების ლოგიკას ნათელს ჰფენს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის გამოხმაურება ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყაზახეთის რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის სურვილს, აღადგინოს კანონი და წესრიგი და უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება. მიუღებლად მიგვაჩნია სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უცხოეთის უკანონო ჩარევის პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და შემდგომში გარე ძალების დახმარებით ძალაუფლების იარაღით ხელში ჩაგდებას“, - ნათქვამია ასლან ბჟანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზი ჟურნალისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი იზიდა ჭანია ნიშანდობლივად მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ოპოზიციის მხარდამჭერთა დაკავებები დაემთხვა, ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით მომხდარი 2019 წლის „სახელმწიფო გადატრიალების“ მორიგ წლისთავს.

იზიდა ჭანია

„უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში აქციის მონაწილეებს უახლეს ისტორიაში პირველად აკავებენ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში აქციებით ვერავის გააკვირვებ. სახალხო პროტესტით აფხაზები ყველაზე რთულ დროსაც კი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ხელისუფლების მიმართ და ასე მოიპოვებდნენ ეროვნული ტელევიზიის შექმნის, სკოლებში აფხაზური ენის დაბრუნების უფლებას და ა.შ.“, - ამბობს იზიდა ჭანია, რომლის თქმითაც, პოსტსაბჭოთა აფხაზეთში მიტინგები ხელისუფლების შეცვლის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად იქცა, ამჟამინდელი პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც ხელისუფლებაში გადატრიალების შედეგად მოვიდა და, როგორც ჩანს, ძალიან ეშინია, რომ იმავე "ტრადიციული" გზით არ წავიდეს. ამიტომ, ხელისუფლებაში დასარჩენად, უკვე ორი წელია, ერთადერთი, რასაც ის აკეთებს, განსხვავებული აზრის განადგურებაა. მეთოდები მრავალფეროვანია: მუქარა, ოპონენტების ცემა, ინფორმაციის სრული ჩაკეტვა, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, ძალის დემონსტრირება“.

რას ედავებიან დაკავებულებს

სოხუმის პროკურატურა დაკავებულებს მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის გამოყენებაში ადანაშაულებს. მათ ბრალი ედებათ დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის I და II ნაწილით განსაზღვრულ დანაშაულში („მასობრივი არეულობის ორგანიზება, რომელსაც თან ახლდა ძალადობა, დარბევა, ქონების განადგურება, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება“), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 10 წლამდე. დაკავებულებს ასევე ბრალი წარუდგინეს 320-ე მუხლის I ნაწილით („ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საშიში ქმედებით ან ძალადობის მუქარა“), რაც ითვალისწინებს ჯარიმას 30-დან 60 ათას რუსულ რუბლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე.

11 იანვარს გამართულმა სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი დაკავებულის, ბესლან წვიჟბას მაგალითზე, ასე დაასაბუთა:

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ეჭვმიტანილი წვიჟბა შეგნებულად და მიზანმიმართულად იღებდა მნიშვნელოვან მონაწილეობას არეულობებში ჯგუფთან ერთად, რომლის წევრები გამოირჩეოდნენ სპეციალური საბრძოლო მომზადებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წვიჟბა სოციალურად საშიში პირია, რომელსაც შეუძლია როგორც უკანონო ქმედებების ჩადენა, ასევე გამოძიებისთვის თავის არიდება და საქმის მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენა“.

21 დეკემბრის მიტინგში მონაწილეთა სასამართლო პროცესი. სოხუმი

გამოძიება არ აპირებს მხოლოდ ბესლან წვიჟბასა და მისი ოთხი მეგობრის პასუხისგებაში მიცემას.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებს არეულობაში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იზიდა ჭანია ეჭვობს, რომ მართლა ყველა, 50-ვე ეჭვმიტანილს დააკავებენ, თუმცა, ვინც დააკავეს, ამის მიხედვით, შესაძლებელია დე ფაქტო ხელისუფლების მოქმედების ლოგიკის გამოცნობა:

„ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია რიგითი დემონსტრანტების გაჯოხვა იმიტომ, რომ პრეზიდენტის მიზანი არის არა ოპოზიციისათვის თავის მოკვეთა, არამედ საპროტესტო მოძრაობისთვის რაოდენობრივი ფაქტორის გამოცლა, ხალხის რეპრესიებით დაშინება, დემონსტრირება ოპოზიციის ლიდერების უუნარობისა, დაიცვან თავიანთი თანამოაზრეები“.

კანონის უზენაესობა თუ შერჩევითი სამართალი

9 იანვრის დაკავების ოპერაცია რომ სპონტანური არ იყო, ნათლად ჩანს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურორის მოქმედებიდანაც. ადგურ აგრბას პოზიციის შესახებ კი ცნობილი გახდა აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის, ნადეჟდა ვენედიქტოვასგან, რომელსაც, ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ წევრებთან ერთად, უმასპინძლა პროკურორმა.

„ადგურ აგრბას გადაეცა თხოვნა, რომ ზოგადად კარგი იქნებოდა დაკავებული პირების გათავისუფლება, მაგრამ გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობს ვიდეომასალა და მოწმეების ჩვენებები, ხოლო ის ფაქტი, რომ დაკავებულები უარს ამბობენ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ართმევს სასამართლოს შესაძლებლობას, შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება“, - განაცხადა ნადეჟდა ვენედიქტოვამ.

ადგურ აგრბა, დე ფაქტო რესპუბლიკის გენ. პროკურორი

21 დეკემბრის აქციის მონაწილეების დაკავებამ უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზურ საზოგადოებაში. დაკავების წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა პარტია „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ პოლიტსაბჭომ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტებისა და ომის ვეტერანების ნაწილმაც უარყოფითად შეაფასა ეს ფაქტი და ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა.

„მიუღებელია იმ ხაზის გადაკვეთა, რასაც პოლიციური რეჟიმის დამყარება მოჰყვება. ჩვენი საზოგადოება არ შეეგუება კანონის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკას, რაც აუცილებლად გამოიწვევს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის შელახვას და ახალი სახიფათო მოვლენებით აღსავსე უკმაყოფილების ზრდას“, - ნათქვამია საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვაში.

"ჩვენიანები" და "სხვისიანები"?

აქციის მონაწილეების დაკავებისთანავე სოხუმში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახიაცას“ ლიდერმა ახრა ბჟანიამ და პარლამენტის ორმა წევრმა - გივი კვარჩიამ და ჰარი კოკაიამ განაცხადეს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის აღმასრულებელი უწყებები მოქმედებენ შერჩევით, მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დასასჯელად.

ახრა ბჟანიას თქმით, მიუღებელია კანონის შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენება.

ახრა ბჟანია

„რამ შეუშალა ხელი მოქმედ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და სამართალდამცავ უწყებებს, დაეწყოთ ასეთივე გამოძიება 2020 წლის იანვარში პრეზიდენტის შენობის აღებისა და 2016 წლის ივლისში შს სამინისტროს შენობაზე იერიშის მიტანის საქმეებზე?“ - იკითხა ახრა ბჟანიამ, რომლის თქმითაც, ამ მოვლენების ამსახველი ყველა ვიდეო- და ფოტომასალა ხელმისაწვდომია ინტერნეტში:

„თუკი ბრალი წაუყენეს 21 დეკემბრის აქციის მონაწილეებს, ბრალი ასევე უნდა წაუყენონ იმათ, ვინც წარსულში ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია მოქალაქეებს აუხსნა, თუ რატომ შეიძლება, ერთი მხარე შეიჭრას და გაანადგუროს სამთავრობო შენობები და ამისთვის არავის დაეკისროს სასჯელი, ხოლო სხვები, გაცილებით ნაკლებად აგრესიული ქმედებებისთვის, დააპატიმრონ“.

ჰარი კოკაია, ახრა ბჟანია, გივი კვარჩია

ახრა ბჟანია უპრეცედენტოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ასლან ბჟანია და უსაფრთხოების სამსახურები კანონს მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ:

„ცუდია, რომ არც პრეზიდენტმა ანქვაბმა და არც პრეზიდენტმა ხაჯიმბამ თავის დროზე არ ისარგებლეს კანონის უზენაესობის პრინციპით და არ მისცეს პასუხისგებაში ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ არეულობაში. საუბარია როგორც მომხრეებზე, ასევე ოპონენტებზე. ახლა რაც მოხდა, უპრეცედენტოა: კანონის უზენაესობა მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტებზე გავრცელდა. რა შეიძლება იყოს სახელმწიფოში საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმების დარღვევაზე უარესი, თუ არა საზოგადოების დაყოფა "ჩვენიანებად" და "სხვისიანებად"?“

იზიდა ჭანიაც იხსენებს 2019 წელს, როცა ბჟანიას მომხრეები შეიჭრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ჩაამტვრიეს ფანჯრები, დაანგრიეს კარები, გაძარცვეს ოფისები, მაგრამ ამისთვის პასუხი არავის უგია. იზიდა ჭანიას თქმით, ხელისუფლების მომხრეები დღესაც დაუსჯელად მოქმედებენ:

„სცემენ მოხუცებს, ესვრიან მილიციელებს ან რესტორნებში მიმტანებს და ა.შ. ამ კატეგორიის დამნაშავეები ბჟანიასთვის ძალიან ძვირფასია, რადგან ხვალ მათ უნდა დაიცვან სამთავრობო შენობები და მათ უნდა ურტყან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელკეტები, რათა მათმა პრეზიდენტმა შეძლოს "საუკეთესო მიწების" და ეროვნული რესურსების თავისუფლად გაყიდვა, რათა მათი პრეზიდენტი მოიქცეს ისე, როგორც ბატონი, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო მთელი ქვეყანა“.

გადამწყვეტი ბრძოლა პარლამენტისთვის

დე ფაქტო რესპუბლიკაში ბევრი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკური და სხვა ინტერესების ბოლომდე დაკმაყოფილების ერთგავრი წინაღობა ოპოზიცია და დე ფაქტოა პარლამენტია. რომ არა ოპოზიცია და პარლამენტი, ყველა პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკის სფეროს, საცხოვრებლებისა და სანაპირო ზონების გაყიდვასთან, ბევრად იოლად განხორციელდებოდა.

„საუბარია მთელი იმ ქონების გაყიდვაზე, რომლის გარეშეც ჩვენს შვილებს არ ექნებათ ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება - განკარგონ აფხაზეთი, რომელიც ჩვენმა მშობლებმა მოიპოვეს ჩვენთვის“, - ამბობს ახრა ბჟანია.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი გივი კვარჩია ამბობს, რომ დაკავებულებს შორის არის მისი ორი თანაშემწე, რომლებსაც დევნიან ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ღიად გამოხატვის გამო. კვარჩიას თქმით, აფხაზეთის სამართალდამცავი სისტემა მოქმედებს გერმანული შტაზის სტილში, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ მმართველი რეჟიმის ინტერესებს:

„დაკავებულები 2016 წელს შს სამინისტროს იცავდნენ ოპოზიციაში მყოფი ასლან ბჟანიას მხარდამჭერებისგან, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს უშენდნენ სამინისტროს შენობას. ამ დაკავებების გამო სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. შექმნილი ვითარება სახიფათო ზღვარს უახლოვდება, რადგან აფხაზურ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა შეუძლებელია“.

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ჰარი კოკაიაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში რეპრესიების გატარებისა და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობას ხედავს:

ჰარი კოკაია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი

„ორი წელია ვხედავთ ხელისუფლების მცდელობას, დათრგუნოს განსხვავებული აზრი, ბრალი დასდოს ყველას, ვინც არ ეთანხმება მას დანაშაულებრივ ქმედებებში. ოპოზიციაში ყოფნისას თვითონ არღვევდნენ კანონს, არღვევდნენ კონსტიტუციას, ძირს უთხრიდნენ რეჟიმს. დღეს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაიწყეს ოპონენტების დევნა იმის გამო, რომ ისინი არ ეთანხმებიან მთავრობის დღის წესრიგს. საპროტესტო აქციას დაარქვეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, თუმცა ძნელია მას სახელმწიფო გადატრიალება ვუწოდოთ, რადგან ეს იყო მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო პროვოკაციები ხელისუფლების მომხრეებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან ავტობუსების ბორბლებში სროლა. აშკარაა, ვინ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ვინ ცდილობდა ამ მოვლენების პროვოცირებას“.

ჰარი კოკაიას თქმით, ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებს აფხაზეთი ისეთ ტურბულენტობაში შეჰყავს, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელი იქნება.

„თავად ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ შუქისა და წყლის გარეშე მჯდომი, კოვიდით დაავადებული სასოწარკვეთილი ადამიანები ქუჩაში გამოდიან აღშფოთების გამოსახატავად. ადამიანებს ნების გამოხატვის სხვა ფორმა არ აქვთ და აქციაში მონაწილეობა არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა.

2022 წლის 12 მარტს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

იზიდა ჭანია კი დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი და მისი ხელისუფლება შეგნებულად უბიძგებს ოპოზიციას ძალისმიერი ქმედებებისკენ, რაც იმაში ვლინდება, რომ არ ელაპარაკება ოპოზიციას, უგულებელყოფს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის სტაბილიზაციის, ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის წინადადებებს, უარს ამბობს ბიუროკრატიის შემცირებაზე, ადმინისტრაციული სტრუქტურების რეფორმირებაზე, შერეულ საარჩევნო სისტემაზე და ა.შ.

იზიდა ჭანიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციას ძალადობრივი ქმედებებისკენ უბიძგოს.

„ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა გულისხმობს პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს ოპონენტები. უახლოესი დაბრკოლება, რომელიც ბჟანიამ უნდა გადალახოს, საპარლამენტო არჩევნებია. 12 მარტამდე აუცილებელია სივრცის ოპოზიციისგან გასუფთავება, რათა ტრიუმფალურად ჩაიგდოს ხელში პარლამენტი და ხელისუფლების, თუნდაც პირობითად, მაგრამ დამოუკიდებელი ეს შტო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ განყოფილებლად გადააქციოს. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება როგორც შიდა რეზერვები, ასევე გარე ძალები, რომლებსაც დიდი ხნის კომერციული ინტერესები აქვთ აფხაზეთში“, - ამბობს იზიდა ჭანია.