საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღამის კლუბი BASSIANI აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან კორონავირუსის საფრთხის გამო შეწყვეტენ ღონისძიებების გამართვას. განცხადება კლუბის "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელდა.
ამ მიზეზით აღარ გაიმართება 14 და 15 იანვრის შემდეგ ღონისძიებები.
"სამწუხაროდ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დაველოდოთ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების დინამიკას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ქმედით საშუალებებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო თვეების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით მივიღოთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მსოფლიოში ცნობილი თბილისის საკლუბო სცენა ერთ-ერთი პირველი ბიზნესია, რომელმაც საკუთარი ინიციატივით დახურა კარი პანდემიის პირველ ეტაპზე, 2020 წლის მარტში. თითქმის ორწლიანი უფუნქციობის შემდეგ, კლუბების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციების შესაბამისად მზად არიან მიიღონ სტუმრები, თუმცა წინააღმდეგობას ხვდებიან რეგულაციების ხშირი ცვალებადობის პირობებში.
ასევე ნახეთ
კლუბები: 14-15 იანვრის ღონისძიებები ჩატარდება, მთავრობის საპირისპირო პოზიციის მიუხედავად