ჩინეთის კიდევ ერთ ქალაქში შემოიღეს ზომები "ომიკრონის" შესაკავებლად

ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჭუხაიში 15 იანვარს შეწყდა ავტობუსებით მოძრაობა, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ აღრიცხულ იქნა კორონავირუსის ახალი ვარიანტით, "ომიკრონით" ინფიცირების სულ მცირე შვიდი შემთხვევა.

14 იანვარს ჭუხაიში მასობრივი ტესტირება დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მეზობელ ქალაქში აღმოაჩინეს ერთი შემთხვევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ერთი ინფიცირებული სუსტი სიმპტომებით, და ექვსი უსიმპტომო პაციენტი. 2,4 მილიონი მოსახლის მქონე ქალაქის მცხოვრებთ სთხოვენ არ დატოვონ ჭუხაი. საზოგადოებრივი ავტობუსების მოძრაობის შეწყვეტამდე ქალაქში უკვე დახურული იყო ბიზნესები, მათ შორის, სილამაზის სალონები და კინოთეატრები.

ჩინეთი მკაცრად აკონტროლებს კორონავირუსის აფეთქების ახალ შემთხვევებს, იმ ფონზე, როცა ქვეყანა ემზადება მომავალ თვეში დანიშნული პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის. COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ოფიციალური მონაცემები ჩინეთმა შედარებით დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნა პანდემიის მსვლელობისას, მყისიერი მასობრივი ტესტირებით და ლოკდაუნის შემოღებით, თუმცა "ომიკრონი", რომელიც სწრაფად ვრცელდება, ამ სტრატეგიას გამოწვევას უქმნის.