სასამართლოში დეპორტაციის საკითხის განხილვამდე, ჯოკოვიჩი სასტუმროშია დაკავებული

მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი, ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავ ავსტრალიის იმ სასტუმროში მოათავსეს, სადაც გასულ კვირაში იყო დაკავებული - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისი ვიზა მეორედ გააუქმა.

34 წლის სერბი სპორტსმენი, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, მელბურნში 15 იანვარს ჩავიდა და ღამეს იქ გაატარებს, სანამ 16 იანვარს ფედერალური სასამართლო განიხილავს მის საჩივარს დეპორტაციის წინააღმდეგ. მოელიან, რომ სასამართლო სხდომაზე გადაწყდება, შეძლებს თუ არა ჯოკოვიჩი ავსტრალიაში დარჩეს და მონაწილეობა მიიღოს ღია შეჯიბრებაში, სარეკორდო, 21-ე გრანდ სლემის პრიზისთვის. საჩივარს სამი მოსამართლე განიხილავს და მათი გადაწყვეტილება საბოლოო იქნება, - აცხადებს სასამართლო.

მსოფლიო ჩოგბურთის პირველი ჩოგნის თამაში ჯერჯერობით დანიშნულია ტურნირზე, რომელიც 17 იანვარს იწყება, თუმცა იურიდიული ფაქტორების გამო მისი მონაწილეობის საკითხი ბუნდოვანი რჩება. მისი საჩივარი სასამართლოს უფრო მაღალ ინსტანციაში გადაიტანეს, მას მერე, რაც იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა ჯოკოვიჩის ვიზა დაბლოკა "ჯანდაცვის და მართლწესრიგის საფუძველზე, იმ მოსაზრებით, რომ ეს საჯარო ინტერესში შედიოდა". მინისტრი ამბობს, რომ ჯოკოვიჩის ქვეყანაში დატოვება "გააძლიერებს ანტივაქსერულ განცდებს". ჯოკოვიჩის ადვოკატები აცხადებენ, რომ მთავრობას "მტკიცებულება არ მოუტანია" საკუთარი განცხადებების გასამყარებლად და ასაჩივრებენ, მათი თქმით, "ირაციონალურ" განჩინებას.