ყაზახეთში მღელვარების შემდეგ, ნაზარბაევის ოჯახის წევრები ტოვებენ წამყვან პოსტებს ენერგეტიკის სექტორში

კაირათ შარიფბაევი

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახის ორი წევრი გადადგა სახელმწიფოს ნავთობის და გაზის გადაზიდვის კომპანიების ხელმძღვანელების თანამდებობებიდან, - აცხადებს შუა აზიის ამ სახელმწიფოს სუვერენული ფონდი 15 იანვარს.

ნაზარბაევი, რომელიც 2019 წელს გადადგომამდე სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ყაზახეთის ლიდერი, მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებდა გასულ კვირამდე, როცა მისმა შემცვლელმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მისგან გადაიბარა ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა, ძალადობრივი არეულობის ფონზე. 81 წლის ყოფილი ლიდერი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც 4 იანვარს ქვეყანაში მღელვარება დაიწყო, მის შესახებ ტოყაევის მიერ გამოთქმულმა კრიტიკულმა შენიშვნებმა კი გააღრმავა ვარაუდები ყაზახეთის პოლიტიკურ წრეებში ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის შესახებ.

15 იანვარს სუვერენულმა ფონდმა, სამრუკ-კაზნიამ გამოაცხადა, რომ კაირათ შარიფბაევი და დიმაშ დოსანოვი გადადგნენ მთავარი აღმასრულებელი დირექტორების პოსტებიდან, ნავთობსადენის სახელმწიფო ოპერატორ KazTransOil-სა და გაზსადენის ოპერატორ კომპანია QazaqGaz-ში, შესაბამისად. შარიფბაევი ყოფილი პრეზიდენტის უფროს ქალიშვილზე, დარიგა ნაზარბაევაზეა დაქორწინებული, - წერს ნაზარბაევას ვაჟი სოციალურ მედიაში. თავიანთი ურთიერთობის შესახებ საჯარო განცხადება არც შარიფბაევს და არც დარიგა ნაზარბაევას არ გაუკეთებიათ. დოსანოვი ნაზარბაევის უმცროსი ქალიშვილის, ალია ნაზარბაევას ქმარია.

სამრუკ-კაზნიას მათი გადადგომის მიზეზები არ დაუსახელებია. ტოყაევმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ სურს ნაზარბაევთან დაკავშირებულმა პირებმა თავიანთი სიმდიდრე მოსახლეობას გაუყონ, ახალ საქველმოქმედო ფონდში რეგულარული შენატანების სახით.