ჩრდილოეთმა კორეამ სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ზღვაში

ჩრდილოეთმა კორეამ სავარაუდოდ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა აღმოსავლეთის მიმართულებით ზღვაში, ფხენიანში განთავსებული საჰაერო ბაზიდან - იუწყება სამხრეთი კორეის სამხედრო უწყება.

იაპონიის მთავრობამაც გაავრცელა ცნობა 17 იანვარს რაკეტების გაშვების შესახებ, რაც მიმდინარე თვეში უკვე მეოთხე ასეთი გამოცდაა ჩრდილოეთი კორეის მხრიდან. მანამდე, 14 იანვარს ჩრდილოეთმა კორეამ გაუშვა ორი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ფხენიანს ვაშინგტონმა ახალი სანქციები დაუწესა.

ჩრილოეთმა კორეამ ასევე განაცხადა, რომ 5 და 11 იანვარს ჰიპერბგერითი რაკეტები გამოსცადა, თუმცა სამხრეთ კორეას ეჭვი შეაქვს თავისი მეზობლის უნარში ასეთი მაღალი ტექნოლოგიის აღჭურვილობა გააჩნდეს.

ბირთვულად შეიარაღებულმა ჩრდილოეთმა კორეამ ბოლო თვეებში გაახშირა რაკეტების გამოცდები, რაც, როგორც ჩანს, წარმოადგენს ბერკეტის მოპოვების მცდელობას ვაშინგტონთან და სეულთან სამომავლო მოლაპარაკებებისთვის. სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონია ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა, მას შემდეგ, რაც 2019 წელს შეწყდა შეხვედრები ჩრდილოეთის კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები კრძალავს ჩრდილოეთი კორეის ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული აღჭურვილობის გამოცდებს.