ქარელში მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი დაიხურა. ორგანიზაციის დირექტორი გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით დევნას უკავშირებს, ხელისუფლება კი რეორგანიზაციაზე საუბრობს.
ქარელის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორს, ნელი ახალკაცს სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა, ერთი თვის წინ შეატყობინა, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე მოსწავლეთა სახლის გაუქმება იგეგმებოდა. ახალკაცი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა პოლიტიკური მოტივით მიიღო და მას ძმის პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯის.
ნელი ახალკაცის ძმა, ნიკოლოზ ახალკაცი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი და შესაბამისად ზაზა გულიაშვილის კონკურენტი იყო, გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
„გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნინო მეზვრიშვილმა მაცნობა, რომ ერთ შენობაში ორი იდენტური ორგანიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და კულტურის სახლი არსებობდა და ეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გამოდიოდა. სასაცილოა მათი მხრიდან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ლაპარაკი. პირადად მე 300 ლარი მაქვს ხელფასი, დანარჩენ 5 თანამშრომელს კი 230-230 ლარი. ერთი კვირის წინ აიპში დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენივე გათავისუფლების ფურცლებს. წავიკითხე და იქ წერია, რომ საფუძველი რეორგანიზაციაა, მაგრამ არავის აუხსნია ეს რატომ მოხდა. ჩვენ სხვა მიმართულებით ვემსახურებით ბავშვების და მომავალი თაობის აღზრდას და კულტურის ცენტრი სხვა მხრივ. მერე რა რომ იქაც წრე ჰქვია და ჩვენთანაც. აიპის ხელმძღვანელი აქ არაფერს წყვეტს, ეს ზაზა გულიაშვილის პირადი ანგარიშსწორებაა იმის გამო, რომ ჩემი ძმა ნიკოლოზ ახალკაცი, ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი იყო. მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ და მხოლოდ ბავშვების აღზრდას ვემსახურებოდი. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის ზაზა გულიაშვილის პირადი და პოლიტიკური ანგარიშსწორება“. -განაცხადა ნელი ახალკაცმა.
რადიო თავისუფლება ქარელის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა გულიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის გაუქმება, პოლიტიკური მოტივით კატეგორიულად გამორიცხა. მისი თქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველია აუდიტის დასკვნა. რომლის რეკომენდაციაცაა მსგავსი და დუბლირებული სამსახურების გაუქმება და ამით საბიუჯეტო ფინანსების დაზოგვა.
„პოლიტიკურ მოტივზე საუბარი სასაცილოა, 2017 წელშიც მაგ ქალბატონის ძმა ჩემი კონკურენტი იყო. დუბლირებული სამსახურები იყო და აუდიტის დასკვნის საფუძველზე ხდება რეორგანიზაცია. გაორება ხდებოდა კულტურის აიპთან, სადაც ასევე მუშაობს სხვადასხვა მიმართულების წრეები. ის ბავშვები, რომლებიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დადიოდნენ, განათლების გარეშე არ დარჩებიან, რადგან ზუსტად იგივე ფუნქციების წრეები კულტურის სახლში გვაქვს. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით ქარელში ძალიან ცოტა აიპია შექმნილი. არ გვაქვს მუზეუმების აიპი, მუსიკალური სკოლების აიპი. სხვა მუნიციპალიტეტებში 9-10 აიპია შექმნილი და ჩვენ ეს სფეროები კონკრეტულ აიპებში გვაქვს თავმოყრილი. 2015 წლიდან მე გავაუქმე რამდენიმე აიპი და ერთ აიპად ჩამოვაყალივე და ახლაც გრძელდება რეორგანიზაციის პროცესი.“- განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ყოფილი დირექტორი სამართლებრივ დავას აპირებს. ნელი ახალკაცი აცხადებს, რომ სასამართლოს გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამერიკის საელჩოსაც მიმართავს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმების გამო, დირექტორის გარდა 5 თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. ადგილზე ფუნქციონირებდა მხატვრული კითხვის, ქორეოგრაფიული, ლიტერატურის , მათემატიკის წრეები და მოსწავლეთა სახლის ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 30 ათას ლარს.