ტრანსკავკასიური მაგისტრალი ზვავსაშიშროების გამო დაკეტეს

როკის გვირაბი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და რუსეთის ფედერაციის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა დაკეტილია. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის სახიფათოა. ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ზვავსაშიშროებაა და საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეჩერებულია, - განუცხადეს დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს 28 იანვარს, საღამოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში. „გზა გაწმენდილია თოვლისგან, თუმცა მთაში ზვავსაშიშროება რჩება“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.