მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების წყლისა და დენის გადასახადების სუბსიდირება

გაზრდილი გადასახადების გამო, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ჯგუფისთვის ბიუჯეტიდან ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის ნაწილის სუბსიდირება მოხდება. შეღავათები გავრცელდება როგორც თბილისის, ისე რეგიონის მოსახლეობაზე. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 3 თებერვალს გამოიცა.

ვის შეეხება ელექტროენერგიაზე სუბსიდია:

  • 70 ათასი ან ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები რეგიონებში (თბილისის გარდა) გადაიხდიან 2015 წლის ტარიფს - ეს იმას ნიშნავს, რომ "ენერგო პრო-ჯორჯიას" სოციალურად დაუცველი აბონენტები 100 კვტ/სთ-მდე მოხმარებულ ენერგიაზე გადაიხდიან 8,97 თეთრს (ნაცვლად 17,73 თეთრისა), 101-დან 300 კვტ/სთ-მდე კი -12,98 თეთრს (ნაცვლად 21,71 თეთრისა), 301 კვტ/სთ-ზე ზემოთ -17,5 თეთრს (ნაცვლად 26,23 თეთრისა);
  • თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მერიისგან სუბსიდიას მიიღებენ მაქსიმუმ 106 ლარის ოდენობით, 70 ათასიდან 200 ათას ქულამდე ოჯახები კი - არაუმეტეს 20 ლარს;
  • 70 ათასი ქულიდან 150 ათასი ქულის ჩათვლით (არა უმეტეს 200 კვტ/სთ) როგორც თბილისში, ისე რეგიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები გადაიხდიან 2020 წელს მოქმედ ტარიფებს - ანუ 3,5 თეთრით ნაკლებს (100 კვტ/სთ-მდე: თბილისში - 14,54 თეთრს; რეგიონებში - 14,24 თეთრს. 101-დან 201 კვტ/სთ-მდე: თბილისში 18,56 თეთრს; რეგიონებში - 18,21 თეთრს).

ვის შეეხება წყალზე სუბსიდია:

წყლის გადასახადის თვეში მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით სუბსიდირება მოხდება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში 70 ათასი ან ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს დენის გადასახადი 2022 წლის 1 იანვრიდან გაეზარდა. ყოველ მოხმარებულ 100 კვტ/სთ-ზე მოსახლეობას 3,5 ლარით მეტის გადახდა უწევდა. მოგვიანებით, პრემიერმა თქვა, რომ მოხდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების გადასახადების სუბსიდირება.

ასევე ნახეთ ვის გაეზარდა დენის გადასახადი 1 იანვრიდან და რატომ

კომუნალური გადასახადები 2021 წლის 1 იანვრიდანაა გაძვირებული, თუმცა ბიუჯეტიდან გაზრდილი ფასის სხვაობას უფარავდნენ ყველას, ვინც ელექტროენერგიას 300 კვტ/სთ-მდე მოიხმარდა.