ანზორ ჩუბინიძემ სააკაშვილის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, რომელიც დაცვის მხარის მოწმის სახით იკითხებოდა, უარი განაცხადა სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე.

მისი განმარტებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს, იცნობს მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელიც 2009-2013 წლამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა ამ წლებში ის არ ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების სამსახურს და შესაბამისად საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

ბრალდების ამ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს, შესაბამისად, დღეს ჩემს მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და გნებავთ, დაფიქსირებული პოზიცია, შესაძლებელია ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იყოს ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში. ამასთან დაკავშირებით მსურს განვაცხადო, მინდა ვისარგებლო საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე“, - თქვა ანზორ ჩუბინიძემ.

"სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონო ანზორ", - მიმართა მას ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სანამ სხდომათა დარბაზს დატოვებდა.

„თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ყველაფერი, რაშიც ადანაშაულებენ თქვენს კოლეგას და რის გამო 9 წელი შეიძლება გაუშვან ციხეში. თქვენ თვითონ, გარდა ივანიშვილის მსახურებისა, სინდისი საერთოდ არ გაქვს? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? არ შეახსენებენ თქვენს შვილთაშვილებს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩაასმევინეთ ციხეში, თუ როგორ?“- განაცხადა მიხეიელ სააკაშვილმა და განაგრძო - „თუმცა ძალიან კარგად იცით, როგორ "მეპათხალიმებოდა" თქვენი უფროსი და ფეხსაცმელებს მილოკავდა და თქვენც ხართ ამის მომსწრე, მაგრამ დავანებოთ თავი სააკაშვილს, ჯანაშიას რომ უშვებთ ციხეში აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებით, რაზეც თქვენ თვითონ გაქვს ხელი მოწერილი და გასაიდუმლოებული, ამაზე თქვენ შვილიშვილს კითხვას არ დაუსვამენ? ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი პროცესი, 5 საუკუნის მერეც ილაპარაკებენ ამაზე და იტყვიან, რომ იყო ვიღაც ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც უარი თქვა თავისი კოლეგის გადარჩენაზე. ახლა იქნიეთ თავი რამდენიც გინდათ, მე გეუბნებით, რაც მოხდება“, - განაცხადა სააკაშვილმა და სასამართლო დარბაზი დატოვა.

დაცვის მხარის განცხადებით, იმ არგუმენტით, რომ არ მოხდეს მოწმის ინკრიმინირება, ჩვენებაზე უარის თქმა დაუშვებელია და ჩვენების მიცემისგან თავის არიდება სისხლისსამართლებრივი დანაშაულია.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ტყუილია, რომ ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას, ვინაიდან ის დაცვის მხარის დასაკითხთა სიაში იყო შეყვანილი.

პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ თქვა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას ბრალდების მხარე ისედაც არასდროს ეთანხმებოდა, ვინაიდან მას შემხებლობა არ აქვს საქმესთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას წინააღმდეგ განიხილავენ და მოწმეს ჩვენების მიცემას ვერ აიძულებენ.

ანზორ ჩუბინიძემ მოგვიანებით სასამართლო დარბაზი დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, წარდგენილი ბრალდება ასე არის ფორმულირებული - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვა. პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს. გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურა აცხადებს, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.