სენატის სადაზვერვო კომიტეტის წევრები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ რუსეთის ინტერვენციის საფრთხის გამო, უკრაინას მაქსიმალური წვდომა მიეცეს ამერიკის სადაზვერვო მონაცემებზე.
„რუსეთი არის აგრესორი და ჩვენ უკრაინა უნდა შევაიარაღოთ თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციით. ეს არის როგორც აშშ-ის, ისე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში. რუსეთის მუქარა უკრაინის მიმართ ეს არის მუქარა დემოკრატიისათვის მთელ მსოფლიოში და ჩვენ მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად ამ კრიტიკულ მომენტში“, - ნათქვამია სენატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მარკ უორნერისა და მისი მოადგილის, მარკო რუბიოს, მიერ შედგენილ წერილში, რომელსაც ხელს აწერს 16 სენატორი.
რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან თავმოყრის თაობაზე სადაზვერვო წყაროებისგან მიღებულმა ცნობებმა დასავლეთის მედიაში გასული წლის შემოდგომიდან აქტიურად იჩინა თავი. აშშ და მისი მოკავშირეები ვარაუდობდნენ, რომ მოსკოვი სხვადასხვა წვრთნისა და ჯარების გადაადგილების საბაბით, სინამდვილეში, უკრაინაში შეჭრისთვის ამზადებდა ნიადაგს.
კრემლმა ეს ვარაუდი უარყო და აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. რუსეთს, კერძოდ, სურს, რომ ნატომ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება და არ მიიღოს სამხედრო ბლოკის რიგებში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, უკრაინა და საქართველო.
ასევე ნახეთ
ნატო და აშშ არ აპირებენ რუსეთთან კომპრომისზე წასვლას - რა წერია „ელ-პაისში“ გაჟონილ წერილებში?აშშ-სა და ნატოს არ სურთ კონფრონტაცია და მზად არიან განიხილონ რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტი, მაგრამ არ წავლენ კომპრომისზე მათთვის პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა: ნატოს გაფართოებაზე უარის თქმა და მოთხოვნა, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლამდე არსებულ საზღვრებს, - ამის შესახებ საუბარია რუსეთისათვის გაგზავნილ აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურ პასუხებში, რომელიც თებერვლის დასაწყისში ესპანურმა გამოცემა „ელ-პაისმა“ გამოაქვეყნა.