ეროვნული მუზეუმის დირექტორი: 2005 წლიდან არცერთი კოლექცია არ "დაკარგულა"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ 2005 წლიდან, ამ დაწესებულების შექმნიდან დღემდე, არცერთი კოლექცია არ "დაკარგულა". ამ საკითხზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ის საუბარი, რომ მუზეუმიდან 2005 წლიდან რამე იკარგება, ეს არის არასწორი. იმ კოლექციების შესახებ საუბარი, რომელიც სხვადასხვა საელჩოებში მოხვდა 90-იან წლებში, განსაზღვრული იყო, რომ ახალ საელჩოებში წარმოჩენილიყო ქართული მხატვრობა. სამწუხაროდ, რაღაც ნაწილი არ იყო დოკუმენტირებული, დაიკარგა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დაფიქსირებული და მოთხოვნილი.

​მე მინდა ხაზი გავუსვა, 2005 წლიდან ნიმუშები, რომელიც მუზეუმიდან გავიდა, ყველა არის სრულად დოკუმენტირებული და დაბრუნებული", - თქვა ლორთქიფანიძემ.

ასევე ნახეთ ვინ როგორ გამოიყენა მითი “გამოშიგნულ მუზეუმზე”

მის ბრიფინგს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილიც, რომელმაც მას ჰკითხა, "რატომ არის მუზეუმი გამოშიგნული, როცა მხოლოდ ორ ფონდს აკლია 100-მდე ნამუშევარი?"

დავით ლორთქიფანიძემ კითხვას კითხვით უპასუხა: "რომელ ფონდს აკლია და როდიდან? რომელ წელს არის გატანილი?"

ახალბედაშვილმა ვერ დაასახელა "განიავებული" ფერწერული ტილოების მუზეუმიდან გატანის თარიღი.

ძვირადღირებულ "დაკარგულ" ფერწერულ ტილოებზე, 2021 წლის 26 მარტს, პირველმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმზე საუბრის დროს. რამდენიმე თვეში, 2021 წლის 3 დეკემბერს კი, პარლამენტში გამოსვლისას დააზუსტა, რას გულისხმობდა: „2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული, ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53, სავარაუდოდ, დაკარგულია“.