ტარანტინოს “პასტერნაკის სახლის” გადარჩენას სთხოვენ

10 თებერვალს, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ბორის პასტერნაკის დაბადების დღეს, ამერიკელ რეჟისორს, კვენტინ ტარანტინოს რუსეთიდან ვიდეომიმართვა გაუგზავნეს. რიაზანის ოლქის ქალაქ კასიმოვის მოსახლეობა ტარანტინოს სთხოვს იმ სახლის გადარჩენაში დახმარებას, რომელშიც ერთი ხანობა ნობელის ლაურეატი რუსი მწერალი ცხოვრობდა. შენობა, როგორც ამ ვიდეომიმართვაში ჩანს და როგორც იქ განმარტავენ, დღემდე დაზიანებულია 2017 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად.

YouTube-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნაჩვენებია მწერლის ბიძის (დედის ძმის), იოსიფ კაუფმანის ნახევრად დანგრეული სახლი, სადაც სამოქალაქო ომსა და შიმშილს გამორიდებული ბორის პასტერნაკი 1920 წელს ცხოვრობდა.

ვიდეოში ნათქვამია, რომ მიმართვის ადრესატად ტარანტინო იმის გამო აირჩიეს, რომ რეჟისორს „საშუალოსტატისტიკურ რუს ჩინოვნიკზე მეტად უყვარს რუსული კულტურა“.

„გვრცხვენია თქვენგან დახმარების თხოვნა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არჩევანი არ დაგვიტოვა“, - ნათქვამია ვიდეოში.

  • რა კავშირი აქვს ტრანტინოს პასტერნაკთან?

2004 წლის ივნისში კვენტინ ტარანტინომ დაბა პერედელკინოში მოინახულა პასტერნაკის საფლავი. მაშინ რუსულ მედიას რეჟისორმა უთხრა, რომ რუსული ლიტერატურისა და, განსაკუთრებით, პასტერნაკის შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო. მოსკოვში მყოფი რეჟისორი გააოცა ქალაქში მწერლების ძეგლების რაოდენობამ.

„არც ამერიკასა და არც ინგლისში მსგავსი არაფერია, - თქვა მაშინ ტარანტინომ, - მიმაჩნია, რომ ცოტა ქვეყანა თუ დაიკვეხნის მსოფლიო ლიტერატურაში ასეთი წვლილით“.

კვენტინ ტარანტინო, რეჟისორი

რაც შეეხება 10 თებერვალს, ბორის პასტერნაკის დაბადების დღეზე გავრცელებული მიმართვის შინაარსს, ის ასეთია:

„პატივცემულო მისტერ ტარანტინო! მოგმართავენ რიაზანის ოლქის ქალაქ კასიმოვის მცხოვრებლები. თქვენ წინაშეა ექიმ ჟივაგოს სახლი... უფრო ზუსტად, ის, რაც მისგან დარჩა. ამ სახლში ცხოვრობდა ბორის პასტერნაკის ღვიძლი ბიძა, ექიმი იოსიფ კაუფმანი, რომელიც კასიმოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. თანამედროვეების გადმოცემით, ექიმ იური ჟივაგოს აღწერაში კარგად იცნობა ექიმ კაუფმანის თვისებები. ჩვენს კასიმოვს კი, სადაც პასტერნაკი სამოქალაქო ომის უბედურებებსა და შიმშილს გამოექცა, ბევრი ლიტერატურათმცოდნე პასტერნაკის მიერ მოგონილი ქალაქის, იურიატინის პროტოტიპად მიიჩნევს.

პატივცემულო მისტერ ტარანტინო! ჩვენ ვიცით რუსული ლიტერატურისადმი თქვენი სიყვარულის ამბავი, ვიცით, რომ ბორის პასტერნაკთან განსაკუთრებული, სულიერი კავშირი გაქვთ. ნანახი გვაქვს პასტერნაკის საფლავზე გადაღებული თქვენი ფოტოები. ჩვენი სურვილია, შევინარჩუნოთ რევოლუციამდელი რუსეთის ის მცირე ნაწილაკი, რომელიც ძვირფასი იყო ბორის პასტერნაკისთვის. ჩვენი სურვილია, ეს სახლი მუზეუმად ვაქციოთ.

გვრცხვენია, თქვენ, ამერიკელ რეჟისორს რომ მოგმართავთ დახმარებისთვის, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. ჩვენმა არაერთმა მიმართვამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. სახელმწიფო მოხელეები გვეუბნებიან, რომ რეკონსტრუქციისთვის საჭირო სახსრები არ აქვთ.

მისტერ ტარანტინო, თქვენ ხედავთ, რა სავალალო მდგომარეობაშია სახლი. შენობა ნაწილობრივ დამწვარია. ცივ დღეებში აქ უსახლკაროები იკრიბებიან ცეცხლის დასანთებად და გასათბობად.

მოგმართავთ იმიტომ, რომ თქვენ აფასებთ რუსულ კულტურას უფრო მეტად, ვიდრე საშუალოსტატისტიკური რუსი ჩინოვნიკი. დაგვეხმარეთ შევინარჩუნოთ ქალაქისთვის საჭირო ეს ისტორიული შენობა და სტუმრადაც მობრძანდით ჩვენთან“.

ბორის პასტერნაკი

ქალაქი კასიმოვი, 28 ათასი მოსახლეობით, ლამის 1000-წლიან ისტორიას ითვლის. ექიმ კაუფმანის სახლზე კი, იური ჟივაგო, რომანის მთავარი გმირი, ასეთ რამეს წერს:

„დავსახლდით ძველი საბატონო სახლის უკანა ნაწილში, ხის მინაშენის ორ ოთახში, რომლებიც ანა ივანოვნას ბავშვობაში კრიუგერის მიერ რჩეული მსახურებისათვის, შინაური მკერავის, მნე ქალისა და ვალმოხდილი ძიძისთვის იყო გათვალისწინებული. ეს კუთხე გვარიანად მოძველებულია. საკმაოდ სწრაფად შევაკეთეთ. საქმის მცოდნეთა დახმარებით ორივე ოთახში გამავალი ღუმელი ახლებურად გადავაკეთეთ. ახლა იგი უფრო მეტ სითბოს გამოყოფს...“

„ექიმი ჟივაგო“ ბორის პასტერნაკის მთავარი ნაშრომი, magnum opus-ია. „რომანი დავასრულე. აღვასრულე ვალი, უფლისგან ჩაგონებული“, - ასე აღნიშნავს ბორის პატერნაკი წიგნზე მუშაობის დასრულებას (1955 წ.) ვარლამ შალამოვისათვის მიწერილ წერილში.

„ექიმმა ჟივაგომ“ კიდევ უფრო გააძლიერა ბორის პასტერნაკის დევნის კამპანია, რომელიც სათავეს იღებდა სკკპ ცკ-ის 1946 წლის 14 აგვისტოს მიღებული დადგენილებიდან (ჟურნალების „ზვეზდასა“ და „ლენინგრადის“ შესახებ). 1946 წლის 4 სექტემბერს სსრკ-ის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე, ალექსანდრ ფადეევმა პასტერნაკი გააკრიტიკა „ხალხისგან მოწყვეტის“, „საბჭოთა იდეოლოგიისათვის ზურგის შექცევისა“ და „უიდეო, აპოლიტიკური პოეზიის“ გამო.

1946 წლიდან მოყოლებული პასტერნაკის ლანძღვა-დევნა არ შეწყვეტილა მის გარდაცვალებამდე, თუმცა მწერლისთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა „ექიმ ჟივაგოს“ გამოცემის შემდგომი პერიოდი.

„არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ!“ - ეს საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზა სწორედ „ექიმი ჟივაგოსა“ და მისი ავტორის დევნის კამპანიამ წარმოშვა.

საბჭოთა კავშირში რომანის დაბეჭდვაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. პირველად „ექიმი ჟივაგო“, უფრო ზუსტად, მისი იტალიური თარგმანი, დაიბეჭდა 1957 წლის 15 ნოემბერს (რომანის ხელნაწერი საბჭოთა კავშირიდან გაიტანა იტალიელმა კომუნისტმა ჟურნალისტმა სერჯიო დანჯელომ, რომელმაც ხელნაწერი გადასცა გამომცემელ ჯ. ფელტრინელის), რუსულ ენაზე რომანმა დღის სინათლე იხილა 1958 წლის 24 აგვისტოს, ჰოლანდიაში და, როგორც მწერალი და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის თანამშრომელი, ივან ტოლსტოი ამტკიცებს 2006 წელს გამოქვეყნებულ თავის კვლევაში („"ექიმი ჟივაგოს" პირველი რუსული გამოცემის თავსატეხები“), 1958 წლის რუსული გამოცემა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ძალისხმევასთან. ივან ტოლსტოის თქმით, პირველი რუსული გამოცემის საკითხი დიდწილად გადაწყვიტა ცივმა ომმა, უფრო ზუსტად კი, ამერიკისა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირებამ:

ივან ტოლსტოი

„არსებობდა დაპირისპირება სადაზვერვო უწყებებს, იდეოლოგიებს შორის. ბორის პასტერნაკი კი იყო ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირში ნახევრად აკრძალულ მდგომარეობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 1945 წლიდან პასტერნაკის ორიგინალური ლექსები აღარ დაბეჭდილა მთელი 13 წლის განმავლობაში, 1958 წლამდე. რა გასაკვირია, რომ მას სწყუროდა ენახა თავისი შრომის ნაყოფი დასავლეთში. ამ წყურვილის შესახებ საკმაოდ მალე გახდა ცნობილი. პასტერნაკის რომანის ხელნაწერისთვის ბევრი იწუხებდა თავს. და, რა თქმა უნდა, ამერიკულმა დაზვერვამაც შეიტყო ამის შესახებ. როდესაც საბჭოთა გამომცემლობამ უარი თქვა „დოქტორი ჟივაგოს“ გამოცემაზე მოსკოვში, სრულიად ნათელი გახდა, რომ მოინდომებდნენ მის გამოყენებას დასავლეთში“.

- რა როლი ითამაშა CIA-მ იმაში, რომ პასტერნაკის რომანს დღის სინათლე ენახა რუსულ ენაზე?

„CIA-მ მოიპოვა რომანი. როგორ და რანაირად, ბოლომდე არ არის ცნობილი. ამბობენ, რომ ხელნაწერი ფარულად იქნა გადაღებული რომელიღაც აეროპორტში თვითმფრინავის გაჩერებისას. რომანი სწრაფად გადაიღეს ფოტოფირზე ორსაათიანი იძულებითი გაჩერების დროს. ასეა თუ არა, ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ ხელნაწერი ამერიკული დაზვერვის ხელში აღმოჩნდა. CIA-მ მოქმედებისთვის ორი ხაზი აირჩია - ამერიკული და ევროპული. და ამ ხაზებიდან ერთმა გაიმარჯვა. ეს იყო ჰოლანდიური ხაზი და გამომცემლობა სახელწოდებით "Mouton". სახელი „მუტონი“ ამ წიგნის სატიტულე გვერდზე არსად ჩანს: წიგნი თითქოს ნამდვილი გამომცემლის სახელის გარეშე გამოიცა. როდესაც შეიტყო, რომ წიგნი უკვე მზად იყო, „ჟივაგოს“ პირველი გამომცემელი, ე.ი. იტალიელი ჯაკომო ფელტრინელი, სასწრაფოდ ჩავიდა ჰააგაში (სადაც წიგნი დაიბეჭდა) და საშინელი სკანდალი მოუწყო "Mouton"-ს. იტალიელი გამომცემელი მოითხოვდა, წიგნზე ყოფილიყო პირველი გამომცემლის, „ფელტრინელის“ სახელი. იმედოვნებდა, რომ ამ გზით რუსული გამოცემაც მის ხელში მოხვდებოდა. „Mouton“ დათანხმდა და ჰოლანდიური გამოცემის სატიტულე გვერდზე გაჩნდა სიტყვა „Фельтринелли“, ოღონდ რბილი ნიშნის გარეშე - „Фелтринелли“.

ბორის პასტერნაკის სახლი პერედელკინოში

- CIA რომ არ ჩართულიყო თამაშში, გამოდის, რომ რომანი დღის სინათლეს ვერასოდეს იხილავდა, თუ ხელნაწერი მაინც გაჟონავდა საზღვარგარეთ?

„რომანი ძალიან დიდია და მისი გამოცემა ძვირი ჯდება. გაურკვეველია, ვის შეეძლო რუსულად ამ წიგნის გამოცემის დაფინანსება, CIA-ის გარდა. დასავლეთში ამ წიგნის რუსი მკითხველი არცთუ ისე ბევრი იყო. 1958 წელს ცოტა ადამიანი იყიდდა ამ გამოცემას და, შესაბამისად, გამომცემლის ხარჯებიც გაუმართლებელი იქნებოდა. არსებობდა იურიდიული მიზეზიც: ფელტრინელი პრეტენზიას აცხადებდა რუსულ გამოცემაზეც, თუმცა არ გამოსცემდა იმავე ფინანსური მიზეზების გამო, CIA-იმ კი ყველაფრის ორგანიზება შეძლო“.

- პასტერნაკს ეჭვიც არ გასჩენია სპეცსამსახურების მონაწილეობაზე?

„არა მგონია, რომ ამაზე ეფიქრა. მაშინ არავინ ლაპარაკობდა CIA-ზე. პასტერნაკს აზრადაც არ მოსვლია, რომ რომელიმე დაზვერვის სამსახური ამით დაინტერესდებოდა. რომ არა იურიდიული გართულებები იტალიელ გამომცემელს, ფელტრინელისა და პასტერნაკის მეგობრებს შორის, CIA არც ჩაერეოდა, რადგან არ იქნებოდა საჭირო ჩარევა. საჭიროება გაჩნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც, ამერიკის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, აუცილებელი გახდა მთელი მსოფლიოსათვის ეჩვენებინათ, რომ კომუნისტური პარტიის XX ყრილობამ (1956 წ.) არ მოიტანა არც ცენზურისგან გათავისუფლება და არც პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღება, რასაც საბჭოთა კავშირი მსოფლიოს გასაგონად მთელ ხმაზე გაჰყვიროდა. საინტერესო მიგნება: თუ საბჭოთა დაზვერვა უკან არ იხევდა არაფერზე, იყენებდა შხამებს, იყენებდა ადამიანთა გატაცებებს, ამერიკული დაზვერვა (ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიცით ამ სფეროში, ალბათ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი) მოსკოვის, საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, იყენებდა რუსულ ლიტერატურასა და კულტურას ანუ სწორედ იმას, რის ცოდნასა და სიყვარულსაც საბჭოთა ხელისუფლება უკრძალავდა საბჭოთა ხალხს“.

ბორის პასტერნაკი

1958 წელს, „ექიმი ჟივაგოს“ რუსულ ენაზე გამოცემიდან ორ თვეში ბორის პასტერნაკს ნობელის პრემია მიენიჭა „თანამედროვე ლირიკულ პოეზიაში და დიდი რუსული პროზის ტრადიციულ ასპარეზზე თვალსაჩინო დამსახურებისათვის“, თუმცა მწერალი იძულებული გახდა უარი ეთქვა მის მიღებაზე. სამართალმა მაინც იზეიმა: მამის პრემია მიიღო მწერლის შვილმა ევგენიმ, 1989 წლის 9 დეკემბერს, ბორის პასტერნაკის გარდაცვალებიდან 29 წლის შემდეგ.

მემორიალური დაფა პასტერნაკის სახლზე