ამერიკელებს მოუწოდეს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ

მინსკი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, ბელარუსში არ გაემგზავრონ, ბელარუსში მყოფმა ამერიკელებმა კი, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო აქტივობის გამო, რეგიონში დაძაბულობა გაზრდილია და სიტუაციის პროგნოზირება შეუძლებელია.

ასევე ნახეთ ბელარუსს დატოვებენ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეთა ოჯახები

გასული კვირის ბოლოს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებს მოუწოდა, ახლავე დატოვონ უკრაინა, რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო. 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს საელჩო გადააქვს კიევიდან ლვოვში.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ ბაიდენი კიევში მიიწვია

უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას და ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ მიიჩნევს იმის საფუძვლად, რომ რუსეთი უკრაინას, შესაძლოა, თავს დაესხას ნებისმიერ მომენტში. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტას. აშშ-ის და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს მიერ რუსეთთან დაწყებულ დიპლომატიურ დიალოგს შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ასევე ნახეთ თუკი დიპლომატია უძლური აღმოჩნდება - რა გავლენა ექნება უკრაინაში ომს საქართველოზე?