აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს მოუწოდა რუსეთს, მოშორდეს ომის ზღვარს და თქვა, რომ ცნობები იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვრიდან ჯარების ნაწილი გაიყვანა, არაა დადასტურებული.
„[მივმართავ] რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ მტრები და არ ვფიქრობ, რომ თქვენ გსურთ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დამანგრეველი ომი“, - თქვა ბაიდენმა 15 თებერვალს თეთრ სახლში გამოსვლისას.
მისი სიტყვებით, შეერთებულ შტატებს „არ სურს რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია“, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუკი რუსეთი ამერიკელების წინააღმდეგ იმოქმედებს უკრაინაში, „ჩვენ ძალისმიერ პასუხს გავცემთ მას.“
ბაიდენის თქმით, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის და რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს, თუკი უკრაინაში ინტერვენციას დაიწყებს.
მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა კვლავაც შესაძლებელია და შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ მოეპოვება დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარების ნაწილებმა დატოვეს უკრაინის საზღვრისპირა რეგიონი.
„ჩვენ მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას, რაც სავსებით შესაძლებელი რჩება“, - თქვა ბაიდენმა.
დასავლეთის ქვეყნების თანახმად, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 130 ათასამდე ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი, რაც შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას ნიშნავდეს.
რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ამავე დროს ის მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. მათ შორის იმას, რომ ნატოში არ იქნენ მიღებული უკრაინა და საქართველო.