პრემიერის განცხადებით, მიუნხენის კონფერენცია შესანიშნავი პლატფორმაა უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად

ირაკლი ღარიბაშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ „ტვიტერზე" წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რაც ნამდვილად შესანიშნავი პლატფორმაა უსაფრთხოების ტრადიციული და თანამედროვე გამოწვევების განსახილველად", - წერს ღარიბაშვილი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას საერთო ფასეულობებისა და იდეალების წინსვლის სურვილით, რასაც შეუძლია გაზრდილი უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.

დღეს, 18 თებერვალს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იხსნება ტრადიციული უსაფრთხოების კონფერენცია, მსოფლიოს ასეულობით ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების და ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები განიხილავენ კორონავირუსის პანდემიით, მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის ზრდით და სხვა ფაქტორებით გამოწვეულ კრიზისებსა და მსოფლიოში დაგროვილი მწვავე პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებს.

ასევე ნახეთ ზალკალიანი: საქართველოს დელეგაციის ყოფნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიოსთვის ჩვენი აზრი მნიშვნელოვანია

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კიდევ ერთი პლატფორმა იქნება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებისთვის. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციაც.

მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. საერთაშორისო კონფერენცია 20 თებერვალს დასრულდება.