რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის" ცნობას, „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებას“, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია", - წერს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილი მიმართავს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საქართველო დგას მათ გვერდით და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას.
🇬🇪 strongly condemns Russia’s « recognition » of 🇺🇦Ukraines’s Donetsk and Lugansk regions, repeating the scenario that led to the occupation of 20% of our territory. 🇬🇪stands by you Pdt Zelensky and in support of🇺🇦 ‘s territorial integrity and peace.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 21, 2022
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".
ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინმა ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი"პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“
მანამდე ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.
დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს რუსეთი.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის ხელისუფლების კონტროლიდან გასული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების აღიარება "სავალალო" გადაწყვეტილება იქნება და მას დაგმობა მოჰყვება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს პუტინის მსგავს ნაბიჯზე.
დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის ოლქის ერთი მესამედია, რომელსაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი რეჟიმები აკონტროლებენ.
პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეგრამის არხით გავრცელდა დონეცკში გამართული ფეიერვერკის კადრები.