უკრაინა-ბელარუსის საზღვართან დაიწყო მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის

უკრაინა-ბელარუსის საზღვართან დაიწყო მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის - იუწყება სააგენტო რია ნოვოსტი.

მოლაპარაკება წინასწარ წაყენებული პირობების გარეშეა ორგანიზებული, უკრაინაში გრძელდება რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები. "მოლაპარაკებების საკვანძო საკითხია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან სამხედროთა გაყვანა", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის განცხადებაში.

უკრაინის მხრიდან დელეგაციის წევრები არიან ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენლის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი.

რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, დავიდ არახამიამ ფეისბუკით დაწერა, რომ მოლაპარაკებები ან უკრაინისთვის საჭირო მიმართულებით განვითარდება, ან უშედეგოდ დასრულდება. "მათ უნდა მოვუსმინოთ და მშვიდად უნდა ავწონ-დავწონოთ ყველა წინადადება და მათი გავლენა ქვეყნის და მისი მოქალაქეების ინტერესებზე", - წერს არახამია.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი ამბობს, რომ "რაც შეიძლება სწრაფად" სურს შეთანხმების მიღწევა. რუსეთის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები დაკონკრეტებული არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს დაადასტურა, რომ დათანხმდა მოლაპარაკებებს, თუმცა მათი წარმატების დიდად არ სჯერა. ვარაუდობდნენ, რომ შეხვედრა კვირას დაიწყებოდა, თუმცა შემდეგ ის ცოტა მოგვიანებით დაინიშნა, უკრაინის დელეგაციის რთული ლოგისტიკის გამო.