აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კითხვის ქვეშ დააყენა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთის წევრობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. გაეროს საბჭოსადმი ვიდეომიმართვაში მან მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსკოვის მოქმედებას ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევა უწოდა.
მან ასევე თქვა, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთს უნდა მოუწოდოს, შეწყვიტოს მეზობელ ქვეყანაში საომარი მოქმედებები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობდა ღონისძიებაში ვიდეოკავშირის მეშვეობით. თავის გამოსვლაში მან თქვა, რომ რუსეთი განუხრელი პატივისცემით ეკიდება უკრაინელ ხალხს და არ აპირებს მისი ინტერესების შებღალვას. მეზობელი ქვეყნის მიმართ კრემლის მოქმედებებზე საუბრისას მან თქვა, რომ მისი მიზანია, შეწყდეს ხელისუფლებაში უკანონოდ მოსულთა მცდელობა, უკრაინა აქციონ „ანტირუსეთად“.
ლავროვის გამოსვლისას ათობით ქვეყნის წარმომადგენლებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი. გერმანიის წარმომადგენელმა ლავროვის სიტყვებს „ფაქტების ცინიკური დამახინჯება“ უწოდა.
ლავროვი პირადად გეგმავდა შეხვედრაში მონაწილეობას, მაგრამ რუსეთის თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო ვერ გაემგზავრა ჟენევაში. მანამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ლავროვისთვის არ აუკრძალავს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მგზავრობა. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოგზაურობის თაობაზე გაეროს სამდივნოსთვის მიმართვამ შედეგი არ გამოიღო.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ანექსირებული ყირიმი).
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.