უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 3 მარტს, პრეზიდენტის ოფისში ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც უკვე კვირაზე მეტია რუსეთთან ომის პირობებში იმყოფება.
„ცხოვრება ისეთია, როგორიც არის. დღეს მე შესანიშნავი ცხოვრება მაქვს. ვფიქრობ, რომ საჭირო ვარ. მე მგონია, რომ ეს არის ცხოვრების მთავარი აზრი, რომ შენ საჭირო ხარ, რომ არა უბრალოდ ჭამ და დადიხარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენს ცხოვრებაზე დამოკიდებულია ბევრი რამ და გრძნობ, რომ შენი სიცოცხლე სხვებისთვისაა მნიშვნელოვანი, ეს ნორმალურია. რაც შეეხება მთლიანობაში, თქვენ პრეზიდენტის ოფისში იმყოფებით და ყველაფერი ბევრად შეიცვალა. განწყობა ნორმალურია, საბრძოლო. გუნდი მუშაობს, დეზერტირები არ გვყავს. არა იმიტომ, რომ დეზერტირებს ომის დროს ხოცავენ, არამედ იმიტომ, რომ არავინ არსად გაქცეულა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ უკრაინელები ვართ და უკრაინელები პრობლემებს და გამოწვევებს არ გაურბიან, მინიმუმ უკან, წინ შეგვიძლია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ ზელენსკი პუტინს: მე არ ვიკბინები- პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
- პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
- 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
- უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
- რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
- ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
- 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.