რუსი ოლიგარქი დერიპასკა უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა

ოლეგ დერიპასკა

რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა, რომელიც ცნობილია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირებით, უკრაინაში ომის დასრულების მომხრეა.

"მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია! სიგიჟეა [სამშვიდობო] მოლაპარაკებების გაჭიანურება!" - თქვა მან 3 მარტს თავის Telegram-ის პოსტში.

დერიპასკამ, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა, გაფრთხილება გამოთქვა საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე შესაძლო ბირთვული ავარიის შესახებ, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს რუსეთს, უკრაინას და მთლიანად ევროპას.

"მათ, ვისაც არ ესმით - ამ ობიექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინციდენტი დაამახსოვრდებათ ჩვენს მემკვიდრეებს რუსეთში, უკრაინაში და ევროპაში მომავალი 200 წლის განმავლობაში", - დაწერა დერიპასკამ. დერიპასკა ერთ-ერთია იმ რამდენიმე რუს მილიარდერთაგან, რომლებმაც მოუწოდეს ხელისუფლებას, შეწყვიტოს 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევა უკრაინაზე.

მიხაილ ფრიდმანმა, პიოტრ ავენმა, ოლეგ ტინკოვმა და ალექსეი მორდაშოვმა - ასევე მილიარდერებმა, რომელთაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა - უკვე გააკეთეს საჯარო მოწოდებები სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ.