უკრაინიდან იუწყებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის ლოკალიზების შესახებ

ქალაქი ენერგოდარი, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება.

სამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული შეტყობინებით, სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია 2 ათას კვადრატულ მეტრზე. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრი ორლოვმა წუხელ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ დაუშვან ევროპის დასასრული

1986 წლის აპრილში, უკრაინაში ავარია მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩერნობილს საჰაერო-სადესანტო ძალები აკონტროლებენ

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.