უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ჩაწერა ვიდეომიმართვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევში რჩება.
„აი, საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი. ორშაბათი, საღამო... დღეს მე-12 ღამეა ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის. ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთან არის“, - თქვა პრეზიდენტმა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს.