დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი კომპანია საქართველოში, Sakdoc Film, შოკისმომგვრელს უწოდებს საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებას, რომელშიც კინოცენტრის დირექტორის გათავისუფლების შესახებაა საუბარი. ორგანიზაცია ამ ცენტრისა და გადაყენებული ხელმძღვანელის მუშაობას დადებითად აფასებს.
"მიუხედავად მუდმივი მოლოდინისა, შოკში ვართ ეგრეთ წოდებული კულტურის სამინისტროს ამ განცხადებით. ეს არის განცხადება კინოცენტრის, როგორც შემდგარი ინსტიტუტის, და მისი დირექტორის დისკრედიტაციისთვის.
კინოცენტრი ერთ-ერთი იმ მცირე სახელმწიფო სსიპ-ებს შორის, რომელიც წარმატებით მუშაობს და რომელიც, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს, იცავს ობიექტურობას და არის მთელი კინო ინდუსტრიისთვის, მისი ყველა თაობისთვის, მისი ყველა მიმართულებისთვის, ძალიან მწირი დაფინანსების პირობებში", - ვკითხულობთ Sakdoc Film-ის განცხადებაში.
აქვე დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევად არის შეფასებული კულტურის მინისტრის მოადგილის კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა:
"ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუციის პირდაპირ დაქვემდებარება პოლიტიზირებულ სამინისტროსთან, რომელიც სადამსჯელო დაწესებულება უფროა, ვიდრე შემოქმედების ხელშემწყობი".
დღეს, 14 მარტს, ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა კი პროკურატურას გადაეგზავნა.
ასევე ნახეთ თეა წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორობიდან გაათავისუფლაგაგა ჩხეიძეს კინოცენტრის დირექტორის პოსტზე უფლებამოსილება მაისის თვეში ეწურებოდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, "გარდამავალ პერიოდში," ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კარლო სიხარულიძე განახორციელებს.