რატომ ერჩის რუსეთი ხარკოვს

ხარკოვი, 2021 წელი

„ოტელოს სინდრომი“ - ასე ახსნეს ექსპერტებმა ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარი ყველაზე დიდი გაშმაგებით ხარკოვს უტევს. აღმოჩნდა, რომ რუსეთი უკრიანის ყველაზე „რუსულ“ ქალაქშიც კი არ უნდათ.

ომის დაწყებიდან დღემდე ხარკოვი გამუდმებით იბომბება. ცენტრალური ქუჩები, სადაც იყო: რაიონული ადმინისტრაცია, ქალაქის საბჭო, სამხედრო ობიექტები - ეროვნული პოლიცია და სხვები - რამდენიმე დარტყმით მიწასთან გაასწორეს. დაზიანდა ძალიან ბევრი არქიტექტურული ძეგლი.

ცოტა რამ ისტორიიდან:​ ხარკოვი უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქია, მე-20 საუკუნის დასაწყისში ის ცოტა ხნით უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქიც კი იყო. მოსახლეობა დაახლოებით მილიონ-ნახევარ ადამიანს შეადგენს. აქ ცხოვრობენ როგორც უკრაინელები, ასევე რუსები, ებრაელები და სომხებიც.

აქცია ხარკოვში, 2014 წელი.

ხარკოვი რუსეთის საზღვართან მდებარეობს, ხარკოვის ოლქში მოსახლეობის 25 პროცენტზე მეტი ეთნიკური რუსია. რუსულად ლაპარაკობენ ისინიც კი, ვინც საკუთარ თავს უკრაინელად მიიჩნევენ. რუსეთი ხარკოვს დიდი ხნის განმავლობაში „რუსული სამყაროს“ კარიბჭედ აღიქვამდა. თუმცა ბოლო წლებში ქალაქში აქტიურად დაიწყო „უკრაინიზაციის“ პროცესი, რისი შედეგიც კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარს ქალაქმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.

1933 წელი, „ჰოლოდომორის“ მსხვერპლი ხარკოვში.

ხარკოვს გადატანილი აქვს როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი. 1941-1943 წლებში ის გერმანელების ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ხარკოვმა, ისევე როგორც მთლიანად უკრაინამ, საკუთარ თავზე იწვნია „ჰოლოდომორის“ მთელი სისასტიკე და, რა თქმა უნდა, სტალინური რეპრესიებიც.

„ხარკოვის ისტორიაში არის პერიოდები, რომლის გახსენებაც ხარკოველებს არ სიამოვნებთ. 90-იანი წლები, დღემდე ბევრი ხარკოველის საქციელი სწორედ 90-იანი წლებით არის განპირობებული, როდესაც ყველგან სიცივე, შიში, დამცირება სუფევდა. კიდევ იყო ოკუპაციის პერიოდი და 30-იანი წლები, მე-20 საუკუნეში, მანამდე კი 20-იანი წლები. 1933 წელი ხარკოვისთვის საშინელება იყო, შემდეგ კი საერთოდ ჟლეტა დაიწყო“, - ამბობს პოეტი სერჰი ჟადანი.

ხარკოვის ცენტრი, 14 მარტი, 2022 წელი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხარკოვი გამუდმებით ცეცხლის ქვეშაა. ქალაქის თავი იგორ ტერეხოვი ამბობს, რომ ხარკოვში ბოლომდე დაინგრა 600 სახლი, დაიბომბა 50 სკოლა, საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები, დაზიანდა ტაძრებიც. მხოლოდ 13 და 14 მარტს მეხანძრეები ხანძრის ჩასაქრობად და ნანგრევების გასაწმენდად 42 გამოძახებაზე გავიდნენ.

უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა თავის გადაცემაში ექიმ ევგენი კომაროვსკის ჰკითხა, თუ რატომ ერჩის ასე პუტინი ხარკოვს, მით უფრო, რომ აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსია.

ევგენი კომაროვსკი: „არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ეს ოტელოს კომპლექსია. რომელიც ფიქრობდა, რომ საყვარელი ქალი მკლავებში ჩაუვარდებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, აღმოჩნდა, რომ მას დიდი ხანია სხვა უყვარს. ვფიქრობ, ბოლომდე დარწმუნებულები იყვნენ, რომ სწორედ ხარკოვი შეეგებებოდათ, მათ ყვავილებით, როგორც „განმათავისუფლებლებს“და ქალაქის გასაღებს მოუტანდა. რადგან იქ მერიც რუსულენოვანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაფერიც! სწორედაც რომ ხარკოვი აღმოჩნდა იმაზე უფრო პროუკრაინული, ვიდრე მთელი რიგი ქალაქები, რომლებიც სხვა ენაზე საუბრობენ. ქალაქის მოსახლეობამაც ყველას აჩვენა, რომ მზად არიან დაიხოცონ უკრაინისთვის. სწორედ ამან გამოიწვია ეს მხეცური რეაქცია, რომ უკვე ორი კვირაა „გრადის“ ჭურვებს უშენენ საცხოვრებელ სახლებს“.

ექსპერტი თავდაცვის საკითხებში პაველ ლუზინი ინტერნეტ გამოცემა „ზერკალოსთან“ ამბობს, რომ უკრაინის გაყოფის შემთხვევაში, ხარკოვი შესაძლებელია ოკუპირებული ტერიტორიის ცენტრი, ერთგვარი დედაქალაქი გამხდარიყო. რუსული მხარე არ ელოდა, რომ ხარკოვში შესასვლელად მას ასეთი ძალისხმევა დასჭირდებოდა, მაგრამ რადგანაც დასჭირდათ, ამჯერად ცდილობენ, მიზანს ნებისმიერი საშუალებით მიაღწიონ. გასათვალსიწინებელია ისიც, რომ ხარკოვის დაბომბვა რუსეთის ტერიტორიიდანაც შეიძლება, რადგანაც ის საზღვარზე მდებარეობს.

პაველ ლუზინი​: „იმის გამო, რომ მათი გეგმები ჩაფლავდა, ჯარს უბრძანეს, ხარკოვი ნებისმიერ ფასად აიღონ. ეს იმისთვის კეთდება, რომ რაღაც გამარჯვებას (ძალა) მაინც მიაღწიონ და უკვე ამ პოზიციიდან (ძალის პოზიციიდან) დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ხარკოვის აღება თუ არ გამოუვათ, შემდეგი მიზანი - მისი საფუძვლამდე დანგრევაა“.

ხარკოვში ათეულობით მუზეუმი, თეატრი და ბიბლიოთეკაა. მუზეუმების უმეტესობამ ექსპონატების გატანა ვერ მოაწრო, მაგალითად, ახლა სამხატვრო ხელოვნების მუზეუმი ფანჯრებისა და კარის გარეშეა დარჩენილი. მოხალისეები ცდილობენ ნახატები გადაარჩინონ. ეძებენ ადგილებს, სადაც შეიძლება ისინი შეაფარონ. მაგალითად, ლიტერატურის მუზეუმმა მნიშვნელოვანი ექსპონატები ლვოვში გადაიტანა.

ხარკოვში თითქმის ყველა ქუჩაზე თავდაცვის პუნქტია მოწყობილი. თითქმის ყოველ გზაჯვარედინზე საბუთებს და მანქანებს ამოწმებენ. ბევრი მოხალისეა, ზოგი ორგანიზაცია ხალხს საკვებით და წამლებით ეხმარება, ზოგი სამხედროებს შველის. აფთიაქებიდან მხოლოდ რამდენიმე მუშაობს, რის გამოც ხალხს რიგში საათობით დგომა უწევს.

სასაფლაო უსაშველოდ დიდი ველივითაა. ხარკოვში ყინავს, -9 გრადუსია, ქარი ზუზუნებს... 28 წლის ბიჭი კრივის ხელთათმანებით დამარხეს, ის მოკრივე იყო.

ხარკოვიდან ბევრი წავიდა, ძირითადად ქალები და ბავშვები, მოხუცები ნაკლებად. მიდიან ლვოვში, შემდეგ პოლონეთში ან იმის იქით გერმანიაში. მოხუცებს წასვლა უჭირთ, რადგან ან მანქანით უნდა წახვიდე, ან მატარებლით. გზაზე მანქანების უზარმაზარი ხერგილებია. მატარებლით სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება წასვლა, მაგრამ უკრაინელი ჟურნალისტი დიანა რუდა ამბობს, რომ მატარებლით მგზავრობას თავისი სირთულეები აქვს.

დიანა რუდა: „ძალიან ძნელია მატარებლით. ხალხი, რა თქმა უნდა, უფასოდ, უბილეთოდ მგზავრობს. ბევრი სადგურზე ტოვებს ბარგს, პირველივე მატარებლის ვაგონში შეხტებიან და მხოლოდ ამის მერე იწყებენ ფიქრს, საით წავიდნენ და როგორ. ეს მორალურადაც ძნელია და ფიზიკურადაც. ხალხი მატარებლის დერეფანში დგას, თითო საწოლზე რამდენიმე ადამიანი ზის“.

ისინი, ვინც ხარკოვში დარჩნენ, თავს მეტროს აფარებენ. უკვე ქვეშაგებიც გაფინეს, იქ სძინავთ. ბავშვებიც იქვე თამაშობენ...

დიანა რუდა: „სანამ რუსეთი შემოიჭრებოდა, ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად დავთქვით, თუ რა შემთხვევაში დავტოვებდით ქალაქს. სასაცილოა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა. ვთქვით, თუ რუსული ტანკები გამოჩნდება ქუჩაში, მივდივართ. ახლა ქალაქში რუსული ტანკებიც დადიან, რაკეტებიც დაფრინავენ და ეს ნორმალურად გვეჩვენება. ახლა არსად წასვლას არ ვაპირებთ“.