დიდი ბრიტანეთი არ გამორიცხავს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ლონდონში. 2022 წლის თებერვალი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთი დეზინფორმაციის დიდი კამპანიის თანხლებით, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას აპირებს და შემდეგ ამას უკრაინას დააბრალებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებს რუსეთის ბოლოდროინდელ ბრალდებებს, რომ უკრაინა გეგმავს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას.

რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას არც აშშ გამორიცხავს. გასულ კვირაში, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ სიცრუე უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინამ შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. საკის თანახმად, შესაძლოა, უკრაინაში თავად რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი, ან ეს ოპერაცია ჩაატაროს ყალბი დროშით.

ასევე ნახეთ აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის

9 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოითხოვს უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საქმიანობის ამსახველ მასალებს და დოკუმენტებს. ზახაროვას თქმით, ამ ლაბორატორიებში ხორციელდებოდა ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და არ არსებობს პასუხი შეკითხვებზე, მათ შორის იმაზე, ხომ არ მოხვდა ეს იარაღი „უკრაინელი ნაციონალისტების“ ხელში.

ასევე ნახეთ პოლონეთის პრეზიდენტი: პუტინის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში ნატომ უნდა უპასუხოს

იმავე დღეს, 9 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამომძიებლებს დაავალა სისხლის სამართლის საქმე აღძრან და დაადგინონ რუსეთის ტერიტორიის მახლობლად ბიოლოგიური იარაღის შემუშავების გარემოებები.

9 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა უკრაინა დაადანაშაულა ქიმიური შეტევის მზადებაში. კონაშენკოვის თქმით, ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დასახლებულ პუნქტ ზოლოჩოვში „უკრაინელმა ნაციონალისტებმა“ ჩაიტანეს 80 ტონამდე ამიაკი და ადგილობრივ მცხოვრებთ ასწავლიან, როგორ უნდა იმოქმედონ ქიმიური შეტევის შემთხვევაში. უკრაინამ ამ განცხადებას უწოდა სიცრუე და რუსული პროპაგანდის ნაწილი.

ასევე ნახეთ რუსეთი: უკრაინაში დასავლეთი ქმნიდა ბიოაგენტებს კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ
ასევე ნახეთ „სრულიად ველური იდეა“ - მოსკოველი მეცნიერები "ბიოლოგიური იარაღის“ შესახებ

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მედიამ მსგავსი დეზინფორმაცია არაერთხელ გაავრცელეს საქართველოში არსებული, ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებაც. კერძოდ, ის, რომ თითქოს, ლაბორატორიაში იქმნება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები. 2018 წელს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს ექსპერტებმა 17 ქვეყნიდან. მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.