ავღანეთში იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელიც „მწვავე შიმშილობას“ განიცდის, 23 მილიონს მიაღწია, განაცხადა 15 მარტს გაერომ.
ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ, რამიზ ალაკბაროვმა განაცხადა, რომ ავღანეთი ამჟამად საკვების დეფიციტისა და შიმშილობის უპრეცედენტო მასშტაბების კრიზისის წინაშე დგას.
ივლისში, სანამ ქვეყანაში თალიბანი მოვიდოდა ხელისუფლებაში, „მწვავე შიმშილის“ პრობლემა ჰქონდა 14 მილიონ მოსახლეს.
ვითარების მკვეთრი გაუარესება ოჯახებს აიძულებს, მიმართონ რადიკალურ ზომებს, მაგალითად, დღის განმავლობაში გამოტოვონ ჭამა ან უპრეცედენტო რაოდენობის სესხები აიღონ, ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
„შემაძრწუნებელია, რომ ავღანეთში მოსახლეობის 95%-მდე ვერ ახერხებს საკმარისი საკვების მიღებას და ეს მაჩვენებელი თითქმის 100%-მდე იზრდება იმ ოჯახებში, რომელთაც ქალები უდგანან სათავეში“, - განაცხადა ალაკბაროვმა.
ავღანეთში ბევრი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს სიღატაკეში, მაგრამ მას მერე, რაც შარშან ზაფხულში დაეცა მთავრობა, რომელსაც დასავლეთი ეხმარებოდა და მას მერე, რაც ხელისუფლებაში მოვიდა თალიბანი, ათიათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო.
საერთაშორისო განვითარების ფონდები შეწყდა და ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვი - 9 მილიარდ დოლარზე მეტი - გაიყინა, რამაც ქვეყანაში ფინანსური კატასტროფა გამოიწვია. როგორც სააგენტო dpa შენიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ მილიონობით დოლარი გაიღო დახმარების სახით, ავღანეთის ეკონომიკა კვლავაც თავისუფალი ვარდნის პირობებში იმყოფება.