ეროვნული ბანკის განცხადებით, ტყუილია ცნობა ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვაზე

საქართველოს ეროვნული ბანკი ტყუილს უწოდებს ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ.

„ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ. საზოგადოებას მივმართავთ, რომ აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

რეგიონში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, როგორც უცხოური ისე ქართული ბანკები აანალიზებენ, თუ რამდენად მისაღებია მათთვის იმ რესურსის გაღება, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტრანზაქციების სანქციებთან შესაბამისობის დასადგენად. სწორედ ამ შეფასებისა და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურების საფუძველზე მიიღება კონკრეტული ტრანზაქციის თაობაზე გადაწყვეტილებები. ამის მაგალითია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია შვედეთის ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიერ საქართველოს მიმართულებით ფიზიკური პირებისათვის ტრანზაქციების შეწყვეტაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ შვედეთის რიგი სხვა ბანკები, ისევე როგორც ევროპისა და აშშ-ს საფინანსო ინსტიტუტები გადმორიცხვებს სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ის, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც, მისი შეფასებით, გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას.

Handelsbanken-მა "ბიზნეს ფორმულას" დაუდასტურა, რომ საქართველოსა და სომხეთში ფინანსურ ტრანზაქციებს ზღუდავს. შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარებაა.

"გიდასტურებთ, რომ ვზღუდავთ გადახდების შესაძლებლობას საქართველოსა და სომხეთთან. ვხედავთ რა სანქცირებული ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო გადარიცხვების გაზრდილ რისკს, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა დანამდვილებით თანხვედრაში ვიყოთ დაწესებულ სანქციებთან",- აღნიშნავს Handelsbanken-ის გადახდების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბენი იოჰანსონი.

მისივე თქმით, სიახლე მომხმარებელთა მხოლოდ მცირე რიცხვს შეეხება, რომელთა უმეტესობა კორპორატიული კლიენტია. ბანკი ამბობს, რომ სპეციფიკური იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცედურის გავლის შედეგად, საშუალება ექნება შეზღუდვის არეალში მოხვედრილი კლიენტების ნაწილისთვის გამონაკლისი დაუშვას.

Handelsbanken-ი საქართველოსთან და სომხეთთან ფინანსურ ტრანზაქციებს 21 მარტიდან შეწყვიტავს.