ლვოვში დაიბომბა აეროპორტის რაიონი

ლვოვის მერის, ანდრიი სადოვის ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ლვოვის აეროპორტის რაიონში.

მერის თანახმად, განადგურებულია საავიაციო-სარემონტო ქარხნის შენობები. სადოვი ფეისბუკზე წერს, რომ ქარხნის აქტიური მუშაობა შეჩერებული იყო და წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წინასწარი ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიიდან ლვოვისკენ ნასროლი იყო 6 ფრთოსანი რაკეტა, რომელთაგან 2 უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა გაანადგურეს.