დუმამ დაამტკიცა შესწორება, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას საზღვარგარეთ არსებულ რუსეთის "სამთავრობო უწყებებზე ფეიკებისთვის"

დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი პლენარულ სხდომაზე.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ 22 მარტს მეორე და მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება „ფეიკების“ შესახებ, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს „საზღვარგარეთ მოქმედი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“.

შესწორება საკანონმდებლო ორგანოს შესთავაზა რუსეთის მმართველმა პარტია „ედინაია როსიამ“ და იგი გავრცელდება არა მხოლოდ მათზე, ვინ რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე წერს (მაგალითად იმაზე, თუ როგორ იბრძვიან რუსი სამხედროები უკრაინაში), არამედ საელჩოებზე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, რუსეთის გვარდიასა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე.

მათ შორის:
• „კოკაინის საქმესთან“ დაკავშირებულ ყველა გამოძიებაზე, რომელთან დაკავშირებული არიან არგენტინაში მდებარე რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები;
• სახელმწიფო კომპანია „როსსოტრუდნიჩესტოვოში“ მომხდარი კორუფციის გამოძიებაზე;
• რუსი მოხელეების მიერ უკანონოდ მოხვეჭილი კაპიტალისა და საზღვარგარეთ შენახული მათ აქტივების შესახებ ინფორმაციაზე;
• საზღვარგარეთ, მაგალითად, სირიაში ჩატარებული რუსეთის სამხედრო ოპერაციის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე.

ისევე როგორც „სამხედროების შესახებ ფეიკებზე“, ამჯერად არაოფიციალური ინფორმაციის ნებისმიერ გამავრცელებელს ემუქრება 700 000-დან 1,5 მილიონ რუბლამდე ზომის ფულადი ჯარიმა და ასევე სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო თუ „ფეიკს“ (უფრო ზუსტად იმას, რასაც ასეთად რუსეთის ხელისუფლება ჩათვლის) გაავრცელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალება და „პირთა ჯგუფი“, ხოლო "ყალბი ამბავი" გამოქვეყნდება "ხელოვნურად შექმნილ" მტკიცებულებებზე დაყრდნობით ან "მტრობისა და შუღლის" გაღვივების მოტივით, მაშინ ასეთ შემთხვევაში დამნაშავეს 3-დან 5 მილიონ რუსულ რუბლამდე ჯარიმა ან 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება.

კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის დუმის 411-მა დეპუტატმა.